ამერიკის შეერთებული შტატები დათანხმდა HIMARS-ის 125 საარტილერიო რაკეტა და Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის 100 რაკეტა გერმანიას გადასცეს, საიდანაც აღნიშნული შეიარაღება უკრაინაში გაიგზავნება. ამის შესახებ The New York Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი იწარმოება შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მთავრობის თანხმობის გარეშე მათი ექსპორტი შეუძლებელია - მაშინაც კი, თუ ისინი სხვა ქვეყანას ეკუთვნის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ თუ ამერიკიდან დახმარების მიწოდება შეწყდება, ევროპიდან უკრაინაში იარაღის მიწოდება გაგრძელდება.
გერმანიამ ცოტა ხნის წინ უკრაინაში 60-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, დაახლოებით 50 000 საარტილერიო ჭურვი და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა გაგზავნა.