2011 წლის ივნისსა და ივლისში აშშ-ში მოსალოდნელმა დეფოლტმა, ხოლო აგვისტოში საკრედიტო რეიტინგის დაწევამ, მთელი რიგი ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე დოლარის რეპუტაცია შეარყია. ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობამ უპირატესობა ეროვნულ ვალუუტას მიანიჭა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ დოლარს საქართველოში ანალოგიური კრახი არ ელოდება, რადგანაც საქართველოში დოლარის იმიჯი ისევ ძველებურად მყარია.
"ივნისში, ივლისში და აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა 6 სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 55 მლნ. აშშ დოლარი იყიდა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც კურსის გამყარებაში აისახა კიდევაც. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს იმის შედეგი არ არის, რომ ქართველი მომხმარებელი აშშ დოლარს თავიდან იცილებს. თუ ბოლო თვეების დეპოზიტების სტრუქტურას ჩავხედავთ საქართველოში მსგავსი ტენდენცია არც კი შეინიშნება. უფრო მეტიც, მაისი-ივლისის პერიოდში მთლიანი დეპოზიტები აშშ დოლარში 8%-ით, ევროში 5%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც ამ პერიოდში აშშ-ში მოსალოდნელი დეფოლტის გამო დოლარი და იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის და ირლანდიის პრობლემების გამო ევრო რყევებს განიცდიდა და ნდობის დაკარგვის შემთხვევაში მათი მოცულობა პირიქით უნდა შემცირებულიყო"- განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი ლექვინაძემ.
ექსპერტი ამბობს, რომ შვეიცარული ფრანკი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა მსოფლიოში, ფრანკში განთავსებული დეპოზიტები 6%-ით არის შემცირებული.
"ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად პოზიციების შესუსტებისა საქართველოში აშშ დოლარის და ევროს მიმართ ნდობა მაღალია. ცვლილებების უკეთესად დასანახად საინტერესო იქნება აგვისტოს მონაცემები, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა"- განმარტავს ლექვინაძე.
ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ დოლარს უფრო მაღალი ნდობა აქვს ვიდრე ეროვნულ ლარს.
"დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი საქართველოში ივლისის მონაცემებით 70%, რაც მიუთითებს ამ ვალუტის უფრო მაღალ ნდობაზე ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურაში კი აშშ დოლარის წილი 74%, ევროს წილი კი 19%-ია. რა შეეხება ეროვნული ბანკის ოქროს საინვესტიციო მონეტების სარეალიზაციო ფასს, 1 აპრილიდან დღემდე 19%-იანი ზრდაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ადეკვატურია"- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.