ქართველმა უფლებათადამცველებ, შესაძლოა, პენიტენციალურ სისტემაში საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო შექმნან. ინიციატივა მოძრაობას "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ეკუთვნის, რომლის ლიდერმა, ეკა ბესელიამ ის სხვა უფლებადამცველებს დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ, მოძრაობის მიერ წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე გააცნო.
"საბჭოს მიზანი იქნება გაძლიერდეს სამოქალაქო ზედამხედველობა პენიტენციალურ სისტემაზე, ხელი შეეწყოს სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვას, შეიქმნას პრევენციული მექანიზმები, სამოქალაქო საზოგადოებას მიეცეს საშუალება მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინიციატივას იწონებენ სხვა უფლებადამცველებიც. როგორც კონფერენციაზე ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული იდეა სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის, რომელსაც პირადად ის დიდი ხანია ლობირებს.
"ეს სამოქალაქო საზოგადოების იდეა, რომელსაც მე დიდი ხანია ვლობირებ, თუმცა აქამდე მის განხორციელებას თავი ვერ მოვაბით. როგორც გვახსოვს, მსგავსი ტიპის საბჭოს შექმნაზე საუბარი მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროსაც იყო. მაქვს წინადადება, რომ ხელისუფლებას
პენიტენციალურ სისტემაში საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის პროექტი ზუსტად იგივე დებულებით და ფორმილირებით შევთავაზოთ, რომელსაც თავის დროზე თავად სააკაშვილი უჭერდა მხარს და იუსტიციის მინისტრობის დროს მან ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო კიდეც. თუ უარყოფით პასუხს მივიღებთ, ის მაინც გვეცოდინება, თუ როგორ ხდება პოზიციებისა და შეხედულებების ცვლა", - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, თემის წამოწევა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით უნდა მოხდეს და საზოგადოების მხარდაჭერით ამ მიმართულებით უფლებადამცველებმა არა ერთჯერადი კამპანია აწარმოონ, არამედ აქტიურად იმუშაონ.
"ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მე ზაფხულის განმავლობაში გარკვეულ წინადადებებს მოვამზადებ. შეგვიძლია ის უფლებადამაცველებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შევთავაზოთ. საბჭო თავად ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ და არა ხელისუფლებამ შექმნას ის საკუთარი არასამთავრობოებითა და ე.წ. უფლებადამცველებით", - აღნიშნა ასოციაციის "სამართალი და თავისუფლება" ხელმძღვანელმა.
კიდევ ერთი უფლებადამცველის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით კი, ადამიანის უფლებების დაცვაში რაც უფრო მეტი უფლებადამცველთა გაერთიანება ჩაერთვება, ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები უფრო სწრაფად აღმოიფხვრება.
"მე ამ იდეის მომხრე ვარ. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში რაც უფრო მეტი გაერთიანება ჩაერთვება, უკეთესია, მით უმეტეს, ისეთი მდგომარეობის მქონე ქვეყანაში, როგორც საქართველოა, სადაც ამ კუთხით ბევრი პრობლემა არსებობს", - განუცხადა ქუცნაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".