საგადასახადო საკითხების მოგვარება ამიერიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც გახდება შესაძლებელი.
გადამხდელთა ოპერატიული და კომფორტული მომსახურების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდება, რომლის მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის მომსახურებების მიღება გადამხდელებს შეეძლებათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს ყველა რაიონსა და ქალაქში.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო წიქარიშვილი ამბობს, რომ ასეთი სერვისით სარგებლობა გადამხდელებს უკვე შეუძლიათ გურიისა და კახეთის რეგიონებში, თუმცა მაისის ბოლომდე სერვისით სარგებლობა მთელი ქვეყნის მაშტაბით იქნება შესაძლებელი.
"შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებით ჩვენ მოქალაქეებს ყველა რაიონში მოვემსახურებით. მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რომ უწყებასთან არა რეგიონური პრინციპით, არამედ რაიონალური პრინციპითაც იურთიერთობონ. ჩვენ შევეცდებით, რომ მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურეობა შევთავაზოთ", _ განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო წიქარიშვილმა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის თქმით, კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 200 მომსახურეობას მიიღებს, საიდანაც 100 მომსახურეობა იქნება სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა, ხოლო 100 სახის მომსახურეობაზე ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში გადმოიგზავნება, რომელზედაც პასუხი და რეაგირება უსწრაფესად მოხდება.
"ყველა გადამხდელს შესაძლებლობა ექნება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებს მიაკითხონ და შესაბამისი მომსახურეობა მიიღონ.
ჩვენი ვებ პორტალი ღშ.გე წარმატებით მუშაობს და გადამხდელს საგადასახადოს ორგანოში მისვლა აღარ უწევთ, თუმც იმ ადამიანებს ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ინტერნეტზე მათთვის შესაბამის სერვისებს გადამხდელები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებითაც მიიღებენ. საჯარო რეესტრი გადამხლეს საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურეობას შესთავაზებს, ხოლო დოკუმენტაციის გადამუშავებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს"- აცხადებს შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია.
შემოსავლების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოების მომსახურება შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, სადაც გადამხდელებს მოემსახურებათ კვალიფიციური კადრები, რომლებიც გადამხდელს შესთავაზებენ სწრაფ, მარტივ და მოსახერხებელ მომსახურებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით გადამხდელებს შეუძლიათ მიიღონ ასამდე სახის მომსახურება და ორასამდე დასახელების ცნობა, ასევე ისარგებლებენ „ავტომატური +"-ის სერვისით, რაც დაეხმარება გადამხდელს ავტომატურ რეჟიმში მიიღოს პასუხი შემდეგ განცხადებებზე: დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია; ცნობა საგადასახადო დავალების შესახებ; ცნობა საბანკო ანგარიშების შესახებ; გადასახადის გადამხდელის მოწმობის აღდგენა; ელექტრონული დეკლარირების აქტივიზაცია და სხვა..