გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა. იუწყება Deutsche Welle
გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გახდა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანალენა ბერბოკს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელი იოჰან ვადეპული შეცვლის.
გამოცემის ცნობით, ვადეპული მხარს უჭერდა უკრაინის მიერ გერმანული შეიარაღების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. ის რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის გადახედვის მომხრეცაა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბორის პისტორიუსი დარჩება. ის ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის კაბინეტის ერთადერთი წევრია, რომელიც ახალ მთავრობაშიც მოხვდა.
გერმანიის შს მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი გახდება „ქრისტიანული სოციალური კავშირიდან", რომელიც ამ თანამდებობაზე ნენსი ფეზერს ჩაანაცვლებს; ეკონომიკის მინისტრი - კატერინ რაიხე იქნება „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“.
გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.