ირანის ყურის მეზობლებს შორის მზარდი იზოლაციის ფონზე, ბოლო ცნობებით თეირანი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოსთან, ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელსაც Fox News აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც აქამდე განიხილებოდა, როგორც ევროკავშირში გაწევრიანებისა და ნატო-ს პოტენციური კანდიდატი, ნელ-ნელა უფრო ახლო კავშირს ამყარებს თეირანთან.
Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ირანმა საქართველოში შექმნა ფართო გავლენის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სუბიექტებს ექსტრემიზმთან კავშირის გამო და ვაშინგტონში განიხილება როგორც ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფარული სტრუქტურები".
კანდელაკი, აცხადებს, რომ თბილისის ირანთან დაახლოება ცუდია როგორც ქართველებისთვის, ასევე აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.
„საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პროამერიკულად არის განწყობილი და ერთგულია დასავლური ღირებულებების, და იგი ვაშინგტონში ტრადიციულ ამერიკულ მოკავშირედ ითვლება. ეს რეალობა ქმნის ძალიან ცუდ პრეცედენტს და ამ ტენდენციის შეცვლა აშშ-ისთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც სასარგებლო იქნება,“ - აცხადებს კანდელაკი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიპლომატიურად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს, ჰადსონის ანგარიშში აღწერილია ორ ქვეყანას შორის მზარდი კავშირები და ის, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს როგორც სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელს, მათ შორის საქართველოს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებში შეღწევის გზით, რათა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს ირანმა საქართველოში გახსნა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალი, რომელიც, ორგანიზაცია United Against a Nuclear Iran-ის მიხედვით, ითვლება ირანის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის იდეოლოგიის საზღვარგარეთ გავრცელებისთვის.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2020 წელს განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალა“ საქართველოში არსებულ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს იყენებს როგორც საერთაშორისო რეკრუტირების ქსელს ირანისთვის და როგორც არხს ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიური და უსაფრთხოების ინტერესების გასატარებლად. ასევე, დეპარტამენტის თქმით, უნივერსიტეტი ხელს უწყობდა სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს უცხოურ უნივერსიტეტებთან, რათა განვითარებულიყო დაზვერვის წყაროების ქსელი.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობასთან კავშირი არ დადასტურებულა, ცნობების თანახმად, საქართველოს მოქალაქის აგილ ასლანოვის რეკრუტირება, რომელსაც კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან ჰქონდა, „ყუდსის ძალებმა“ 2022 წელს აზერბაიჯანში ცნობილი ებრაელი ლიდერის მოსაკლავად მოახერხეს. ასევე, 2025 წელს კიდევ ერთ საქართველოს მოქალაქეს ფოლად ომაროვს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ცნობილი ირანელი აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ცნობილი კრიტიკოსია“, - წერს გამოცემა.
სტატიაში წერია, რომ თბილისისა და თეირანის ურთიერთობები გაფართოვდა პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, რომელმაც ხელისუფლება 2012 წელს მოიპოვა. ანალიტიკოსების თქმით, ეს კავშირი კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროდასავლურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წელს ექვსწლიანი ვადა დაასრულა და მისი ადგილი დაიკავა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ახალდაფუძნებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია — კოლეგიამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით იყო დომინირებული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ხელმძღვანელობის დონეზე კავშირები სტაბილურად იზრდება „ქართული ოცნების“ 2024 წლის სადავო საპარლამენტო გამარჯვების შემდეგ. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2024 წლის მაისში ირანში იმყოფებოდა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე, ხოლო ივლისში კვლავ გაემგზავრა ირანში ამჟამინდელი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე, სადაც ირანული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებს", - წერს გამოცემა.
სტატიაში ნათქვამია, რომ არაერთი ქართული კომპანია ასევე ახორციელებს ირანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს, რაც რეჟიმისთვის და მისი რეგიონული სამხედრო მოქმედებებისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ არხს წარმოადგენს. 2024 წელს ირანის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 43 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ირანის მთლიანი ექსპორტის შემოსავლების დაახლოებით 57%-ს წარმოადგენს.