სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, 11 აპრილს, დაახლოებით 07:50 საათზე, ქუჩაკ-აპარანის გზაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის „Honda“-ს მარკის ავტობუსი და „Nissan“-ის მარკის ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 12 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობებით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.