აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი "მშვიდობის საბჭოს" დასაფინანსებლად ცხრა ქვეყნიდან თანხა [აშშ-ის გარდა] მხოლოდ ორმა ქვეყანამ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და მაროკომ გამოყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საერთო ჯამში შეგროვებულმა თანხამ 1 მილიარდ დოლარსაც ვერ მიაღწია.
ვაშინგტონში თებერვალში გამართულ „მშვიდობის საბჭოს“ სხდომაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები - ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და კუვეიტი ღაზის სექტორისთვის 7 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ.
ამ თანხას აშშ-ის მიერ კიდევ 10 მილიარდი დოლარი უნდა დამატებოდა, ხოლო გაეროს-გან - 2 მილიარდი. თანხები, მათ შორის, უნდა მოხმარებოდა ღაზის მართვის ეროვნული კომიტეტის (NCAG) დაფინანსებას, რომელსაც „მშვიდობის საბჭო“ კურირებდა და რომელიც ჰამასის განიარაღების შემდეგ გაზის სექტორის მართვას გადაიბარებდა.
Reuters-ის ინფორმაციით, „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენელმა ნიკოლაი მლადენოვმა პალესტინურ ორგანიზაციებს განუცხადა, რომ „ამ მომენტში ფული არ არის“.
თუმცა „მშვიდობის საბჭოში“ თანხების ნაკლებობის შესახებ ცნობები უარყვეს.
„მშვიდობის საბჭო ეს არის კომპაქტური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია განხორციელებასა და შესრულებაზე და საჭიროების მიხედვით იზიდავს კაპიტალს. ფინანსური შეზღუდვები არ არსებობს. დღემდე დაფინანსების ყველა მოთხოვნა დაუყოვნებლივ და სრულად დაკმაყოფილდა,“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.