უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას მან განიხილა ცის დაცვის გაძლიერებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის, თავდაცვის სექტორში ერთობლივი წარმოებისა და „ღირსეული“ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები.
ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა. პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე.
ჩვენ, უკრაინაში, მადლობელნი ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება დავიცვათ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სიტუაციაზე: რუსეთის საჰაერო დარტყმებზე და უფრო ფართოდ - ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, მადლობა უკრაინისადმი ასეთი ყურადღებისთვის. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. შევთანხმდით ჩვენი გუნდების შესაბამის შეხვედრაზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, საუბრის დროს მხარეებმა ასევე დეტალურად განიხილეს თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები და ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა.
„ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს ძალიან აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით დრონებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მხრივ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კიდევ ერთი თემა იყო ორმხრივი შესყიდვები და ინვესტიციები.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ სიტუაციასა და ამერიკასთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა „მშვიდობისთვის ღირსეული შეთანხმების“ აუცილებლობას და უკრაინის მიერ ამერიკული წინადადებების მხარდაჭერას.