შუაზე გაყოფილი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი დღეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „გახარია საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი
როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, პარტიების ნაწილის მიერ არჩევნების ბოიკოტი და მეორე ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა არის რეჟიმის გამარჯვების მთავარი წინაპირობა.
„ყაველაშვილის განცხადების სერიოზულად განხილვა, როგორც ბოიკოტის ან არჩევნებში მონაწილეობის არაპირდაპირი წახალოსება, სრულიად არასწორია!
რეჟიმის ამოცანაა — პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა შეფუთოს, როგორც მათივე პირადი პასუხისმგებლობა და არა რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიები.
პარტიების ნაწილის მიერ არჩევნების ბოიკოტი და მეორე ნაწილის არჩევნებში მონაწილეობა არის რეჟიმის გამარჯვების მთავარი წინაპირობა, და ამ ოპოზიციური ორ-პოლუსიანობის შესაძლო ცვლილება აშინებს ყველაზე მეტად.
რეჟიმს ეშინია ან საყოველთაო ბოიკოტის, ან არჩევნებში სრული და კოორდინირებული ჩართულობის ყველა მეინსტრიმ პარტიის მხრიდან.
(შეგვიძლია ვიკამათოთ, რომელი უფრო მეტად.)
ასეთი ერთიანი სტრატეგიის არსებობა ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან ისეთივე მნიშვნელობისაა დღეს, როგორც გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტის საყოველთაო ბოიკოტი იყო.
წარმოვიდგინოთ, რომ მაშინ რომელიმე ორი პარტია/ბლოკი შესულიყო და ორი — არა. ასეთ შემთხვევაში, დღეს უკვე რეჟიმი საბოლოოდ ჩამოყალიბებული იქნებოდა — ხეიბარი, მაგრამ ლეგიტიმაციის ელემენტით — ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
თუ ოპოზიციური პარტიების მიდგომა ურთიერთდაპირისპირებული იქნება 4 ოქტომბერსაც, ეს აუცილებლად დაეხმარება „ოცნებას“ საკუთარი რეჟიმის ნორმალიზება უზრუნველყოს და სრული დაბნეულობა გამოიწვევს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში!
კიდევ ერთხელ:
შუაზე გაყოფილი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი დღეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაზე დიდი საჩუქარი რეჟიმისთვის“, - წერს ცქიტიშვილი.