ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა ირანის ქალაქ არაკის მახლობლად მშენებარე ბირთვულ ობიექტზე დარტყმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ დაზიანდა „საკვანძო შენობები“.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა არაკის რეაქტორი ხუთშაბათს დაბომბეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ადგილზე ბირთვული მასალა არ იყო.
თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით 250 კილომეტრში მდებარე არაკის რეაქტორი და მსგავის ობიექტები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას სამეცნიერო მიზნებისთვის, მაგრამ ისინი წარმოქმნიან პლუტონიუმს, როგორც თანმდევ პროდუქტს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის დარტყმებს „მნიშვნელოვანი რადიოლოგიური ინციდენტი“ არ გამოუწვევია, „რადიაციული ავარიის“ რისკი მაინც არსებობს.
„ამ რთულ და დამაბნეველ ვითარებაში, აუცილებელია, რომ ატომური ენერგიის სააგენტომ დროული და რეგულარული ტექნიკური ინფორმაცია მიიღოს ბირთვული ობიექტების შესახებ“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.