გახსოვდეს, რომ თუ შენს გარშემო მხოლოდ წყვდიადს ხედავ, შეიძლება თავად ხარ ნათება, - ასე მიმართავს სინდისის პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე მათე დევიძეს წერილში, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გვერდით საკანში ხარ, სრულყოფილად მხოლოდ წერილით თუ მოგაწვდენ სათქმელს. ვიცი, გამხნევება არ გჭირდება, აქედან ან ყველანი ერთად გავალთ, ან - არცერთი. და თუ ყველაზე ცუდი სცენარი გველის, არც ეგ არის ტრაგედია.
ჩვენ ცოცხლები და თავისუფლები მანამ ვართ, სანამ ღირსება გაგვაჩნია, დანარჩენი ყველაფერი ფუფუნებაა, ეს სივრცით შეზღუდვაც მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.
იმედია, ბედი გაგვიღიმებს და ზონაზე მაინც გავიცნობთ ერთმანეთს წესიერად. გამაგრდი და კიდევ უფრო გაძლიერდი. გახსოვდეს, რომ თუ შენს გარშემო მხოლოდ წყვდიადს ხედავ, შეიძლება თავად ხარ ნათება.
პ.ს. ბიჭები მოკითხვას გიბარებენ“, - წერს ცეცხლაძე.
შეგახსენებთ, 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.