სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ მოსკოვში გამგზავრების გეგმებზე უარს არ იტყვის, მიუხედავად მისი ფრენის ჩაშლის მცდელობისა. ამის შესახებ ფიცო Facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს.
ფიცოს თქმით, მან ესტონეთიდან შეტყობინება მიიღო, რომ მოსკოვში მისი გადამყვანი თვითმფრინავის ჩაფრენა შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, ეს არის განზრახ მცდელობა, ჩაშალონ ჩემი ვიზიტი მოსკოვში.
„ეს უკიდურესად არღვევს ჩვენს მთელ პროგრამას, შესაძლოა ხვალ საღამოს დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრება ვერ შევძლოთ“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ფიცოს თქმით, მისი პროტოკოლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მან მოსკოვში ჩასვლა შეძლოს და ოთხ უაღრესად მნიშვნელოვან ორმხრივ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღსანიშნავ ღონისძიებაზე ლიდერების დონეზე პუტინის ერთადერთი სტუმრები ევროპიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი იქნებიან.
საინტერესოა, რომ ფიცოს მოსკოვში ვიზიტის ოფიციალურ პროგრამაში არ არის ნახსენები მისი დასწრება წითელ მოედანზე დაგეგმილ აღლუმზე.