ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ უკვე განსაზღვრულია, ვინ წარმოადგენს ევროპას უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ მან 12 ნოემბერს, დუბლინში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში განაცხადა.
კალასის თქმით, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროპის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიo კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად ის უნდა მონაწილეობდნენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს შეუძლიათ, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, თუ ამის სურვილი ექნებათ. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია, დავეყრდნოთ უკვე არსებულ შეთანხმებებს“, - განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს არ უნდა აინტერესებდეს, ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებებში.
„რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენს წარმომადგენლებზე? ჩვენ განვიხილავთ მათ წარმომადგენლებს - ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები“, - განაცხადა მან.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ლუკ ფრიდენმა დუბლინში შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ წარმოადგენს მხარეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიo კოშტა ამ როლისთვის ბუნებრივი კანდიდატია, რადგან ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა აირჩიეს.
„ამიტომ მხარს ვუჭერ პრეზიდენტ კოშტას მონაწილეობას ასეთ მოლაპარაკებებში“,- განაცხადა ფრიდენმა.
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა კი აღნიშნა, რომ ევროპის ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ ანტონიო კოშტა უნდა იყოს.
„თუ ჩვენს ინსტიტუციურ სტრუქტურას გადავხედავთ, ოფიციალური წარმომადგენელი ანტონიო კოშტაა. დიახ, ოფიციალურად“, - განაცხადა მან.