"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის საკითხი მნიშვნელოვანია, ის არასდროს ერიდება გამოჩენას და საჯაროდ იმის განაცხადს, რომ ის არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღები.
სამადაშვილის თქმით, სწორედ ასეთი საკითხი იყო "ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის ისრაელის ელჩთან შეხვედრაც.
"როდესაც ივანიშვილს მიაჩნია, რომ მისთვის რაღაც საკითხი მნიშვნელოვანია, არ ერიდება საჯაროდ იმის განაცხადს, რომ ის არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების რეალური მიმღები, თუმცა ყველა სხვა ვითარებაში ცდილობს, გვერდზე გადგეს და გვითხრას, რომ ვიღაც კობახიძე ან მანამდე ვიღაც ღარიბაშვილი თუ ბახტაძე მართვადა ქვეყანას.
ქართველი ხალხის ასეთი დაცინვა უნდა დასრულდეს. მსგავსი პოლიტიკური სისტემა და რეჟიმი მსოფლიოში არ არსებობს. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ დიახ, მას პირადად დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.