იმ ყველაფერზე, რასაც თაობებმა წლები შეალია და რაშიც ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა არის ჩადებული, „ოცნება“ ერთი ხელის მოსმით, საკუთარი მოღალატეობრივი ანტიეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე ამბობს უარს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშმა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაადასტურა და აჩვენა, რომ „ოცნების“ პირობებში საქართველოს სვლა ევროპული მომავლისკენ არის შეჩერებული. ის, რაც განაცხადა ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს და ეს ჩანაფიქრი, იქამდეც არსებობდა, ამ ორი წლის განმავლობაში, სრულ სისრულეში მოჰყავს „ოცნებას“. „ოცნებას“ არ აქვს არც პოლიტიკური ნება, რომ გააგრძელოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არც კომპეტენცია, არც უნარი, არც სურვილი. ვხედავთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ძალიან სწრაფი პროგრესის ფონზე, როგორ იხევს საქართველო ფაქტობრივად ყოველდღიურად უკან. იმ ყველაფერზე, რასაც თაობებმა წლები შეალია და რაშიც ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევაა არის ჩადებული, სამწუხაროდ, აი, ასე ერთი ხელის მოსმით, „ოცნება“ საკუთარი მოღალატეობრივი ანტიეროვნული პოლიტიკიდან გამომდინარე ამბობს უარს.
ერთადერთი, რაც დარჩენია, არის, გადავიდეს აგრესიულ შეტევაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, როდესაც მას არანაირი საფუძველი და არგუმენტი არ გააჩნია. ერთადერთი, რაც დარჩენია არის ლანძღვა-გინება, თან ვისი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათი ელჩების, მათი ლიდერების, სტრატეგიული პარტნიორების, იმ ორგანიზაციის, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს კონსტიტუციით არის ყველა სახელმწიფო ორგანოს ვალდებულება. შესაბამისად, ეს ანგარიშიც, რა თქმა უნდა, მით უფრო ბოლო პერიოდის მოვლენების გამო, როდესაც ფაქტობრივად უკვე ბოლო ზღვარს გადადის „ოცნება“, უკვე წითელ ხაზს კვეთს, აუქმებს პარტიებს ერთი ხელის მოსმით, ისტორიულად ყველაზე კრიტიკულ ანგარიშად შეიძლება ჩაითვალოს “, – განაცხადა შარაშიძემ.