რიკოთთან დაკავშირებით ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ამას ჰქვია „მოდელირებული ქრონიკა“, საზოგადოება უნდა დააშინონ, რომ აღარ შეიძლება იქ გადაადგილება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ქარსელაძის თქმით, რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებები კეთდებოდა.
„აბსოლუტურად მიუღებელი და ვიტყოდი, არასერიოზული იყო მთელი ის გამოსვლები, რაც ვნახეთ – გადაბრალება, თითქოს თემების გადაფარვა ხდება, მათ შორის, რიკოთის საკითხით, თურმე „ბიბისი“ ფარავს რიკოთის თემას. რიკოთთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვიხილეთ ძალიან ბევრი ტყუილი, ვიხილეთ ამ ტყუილზე დაყრდნობით უკვე მოსახლეობის კიდევ უფრო ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, რომ რაღაც უსაფრთხოა, რაღაც ვერ ხერხდება, გალანძღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სამინისტრო, ვინმე თუ კავშირში იყო ამასთან, ყველა გალანძღეს. ასე არ შეიძლება. ამას რომ აკეთებ და პირდაპირ ეთერში იმასაც აცხადებ, ახლა დამირეკეს, გზა დაკეტეს, რადგან მეწყერი ჩამოწვა და ეს არის კატასტროფა, ამ დროს კი არაფერი ხდება, რა ჰქვია ამას? ამას ჰქვია მოდელირებული რეალობა, „მოდელირებული ქრონიკა“, ამას ვერ გასცდა ეს ხალხი. საზოგადოება უნდა დააშინონ, რომ აღარ შეიძლება იქ გადაადგილება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე, 149-ე კილომეტრზე, თოვლის დნობის შემდეგ, მონიტორინგის შედეგად, არსებული გზიდან 200 მეტრში დაფიქსირდა ნაპრალები.
„29 მარტს მნიშვნელოვნად დამძიმდა აღნიშნული ვითარება, რადგან პოტენციურმა მეწყერმა დაიწყო იმგვარად მოძრაობა, რომ ნაპრალები გაიზარდა. შესაბამისად, სიტუაცია სპეციალისტებისა და ექსპერტების მიერ მომეტებულ საფრთხედ შეფასდა. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ, მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული გზა დაკეტილიყო და წინსწრებად მოხდა მოძრაობის დაკეტვა. შედეგად, მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით გადაერთო. ეს გადაწყვეტილება 29 მარტს, 23:45 საათზე იყო მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის თქმით, გზის დაკეტვა იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პოტენციური საფრთხის შეფასების და ამ საფრთხის თავიდან არიდების გამო იქნა მიღებული.
„არსებული გზიდან 200 მეტრში განვითარებული ნაპრალებია, რომელიც შეიძლებოდა მეწყრულ პროცესებში გადასულიყო, ამას არაფერი კავშირი აქვს ახალ მშენებლობასთან. 7-ში საღამოს პირველადი გეოლოგიები მივიღეთ და წინასწარი მონაცემები შევიყვანეთ სისტემაში, რომლითაც უკვე გამოვიანგარიშეთ რისკფაქტორი, რომელიც მეწყერის გააქტიურებას უკავშირდებოდა. დასაშვებად იქნა მიჩნეული, რომ, შესაბამისი სპეციალური რეჟიმის დაწესებით, 8-ში 07:00 საათიდან მოძრაობა გაიხსნა მსუბუქი ავტომობილებისათვის და უკვე 21:00 საათიდან – სატვირთო ავტომობილებისთვის. ვიდრე ეს შეფასება გვექნებოდა, 31-ში, დღის მეორე ნახევარში უკვე სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ, აქაც სპეციალური რეჟიმი იყო დაწესებული, – განაცხადა ქარსელაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რა პროცესები განვითარდა რიკოთის 147-ე კილომეტრზეც.
„147-ე კილომეტრზე განვითარდა ქვათაცვენა. ეს შეფასდა მომატებულ საფრთხედ, გამომდინარე იქიდან, რომ ვიზუალურად თვალნათელი ხდებოდა წვიმის და სხვა კლიმატური ზეგავლენის შედეგად ძალიან დიდი ქვის მასების კონცენტრაცია. მიღებული იქნა მოძრაობის ჩაკეტვის გადაწყვეტილება და მყისიერად დავიწყეთ პროვოცირება დიდი ქვის მასების ჩამოშლის. რეალურად, ამას ვეძახით ჩვენ ფერდის ჩამოწმენდას, რაც არის აუცილებელი, რათა მაქსიმალურად შეამცირო საფრთხე. ამას მოვუნდით ორი დღისა და ერთი ღამის განმავლობაში. 11:27 წუთზე უკვე გაჩერებული იყო მოძრაობა. ის კადრები, რაც გავრცელდა, არის სწორად გაჩერებული მოძრაობის და პროვოცირების შედეგად მიღებული. ასეთი ლოდი კიდევ ბევრი ჩამოვაგდეთ ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ 24-საათიანი მონიტორინგის შედეგად, თუკი რაიმე განვითარდებოდა, ჩვენ ყოველთვის გვექნებოდა, გვაქვს და გვექნება რესურსი, რომ ჩავკეტოთ მოძრაობა და არავითარი უბედური შემთხვევა ამის გამო არ მოხდეს. შესაბამისად, ჩამოიწმინდა, ჩამოვიდა ის დიდი მასები, რაც დათვალიერების შედეგად ჩანდა. ასევე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება და კლდესთან მანძილი გაიზარდა. ნებისმიერი ტიპის ქვათაცვენას ექნებოდა ის ეფექტი, რომ ჩვენ გვექნებოდა სიგნალი დროული და დროული რეაგირება ამაზე, რომ რაიმე უბედურება არ მომხდარიყო. ქვათაცვენა და მეწყერი, რომ იცოდეთ, ზამთრის პერიოდში 150 მდებარეობაზე გვაქვს ჩვენ, არა მარტო რიკოთზე “, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.