მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ახალი გენერალური დირექტორი აირჩია.
ნგოზი ოკონჯო-ივეალა იქნება პირველი ქალი და პირველი შავკანიანი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევ დასკვნით ეტაპზე ორი კანდიდატი იყო გამოკვეთილი, მსოფლიო ბანკის ყოფილი მმართველი დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იუ მიუნგ ჰე.
რამდენიმე დღის წინ, იუ მიუნგ ჰემ მოხსნა თავისი კანდიდატურას კონკურსიდან და გზა გაუთავისუფლა ოკონჯო-ივეალას.
ნგოზი ოკონჯო-ივეალას კანდიდატურა ნიგერიამ დაასახელა. მანამდე ის ნიგერიის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებს იკავებდა. მსოფლიო ბანკში მისი მუშაობის 25 წლის განმავლობაში, ოკონჯო-ივეალას ეკავა არაერთი თანამდებობა, მათ შორის, მმართველი დირექტორისა (მეორე მნიშვნელოვანი პოზიცია ბანკში).
ნგოზი ოკონჯო-ივეალა ვაქცინისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსს თავმჯდომარეობდა, რომლის უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოიწურა.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის არჩევის საკითხზე კონსულტაციები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მაშინ პროცესი დონალდ ტრამპის პოზიციის გამო შეფერხდა, რომელიც აცხადებდა, რომ მხარს არ დაუჭერდა ნგოზი ოკონჯო-ივეალას კანდიდატურას.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების თანახმად, ახალი გენერალური დირექტორის კანდიდატურას მისმა ყველა წევრმა, 164-მა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რობერტუ აზევედუმ თანამდებობა გასული წლის 31 აგვისტოს, საკუთარი ნებით დატოვა.