საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ქალაქ ნიცაში დანით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმა ნოტრდამის ბაზილიკის სიახლოვეს მოხდა.
BBC-ის ცნობით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ ქალს ყელი გამოჭრა, ფრანგული ტელეკომპანია BFMT-ი კი იუწყება, რომ დამნაშავემ მსხვერპლს თავი მოკვეთა. პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.
ნიცის მერის ქრისტიან ესტროსის განცხადებით, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტია.
მისივე თქმით, თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენისას ყვიროდა "ალაჰი დიდია".
მან მომხდარი აღწერა, როგორც ისლამური ფაშიზმის გამოვლინება.
"ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ აღმოვფხვრათ ისლამური ფაშიზმი მთელს ქვეყანაში”, - თქვა მერმა.
უსაფრთხოების მიზნით ქალაქში დროებით დაიხურა ყველა ქრისტიანული ეკლესია. ასევე მიიღება დამატებითი ზომები ამ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.