რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მკურნალობა ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში თითქმის 50 000 ევრო, უფრო ზუსტად კი 49 900 ევრო დაჯდა. ამის შესახებ ნავალნიმ Instagram-ზე დაწერა.
მისი თქმით, გადასახადი გადაიხადეს ბიზნესმენმა ევგენი ჩიჩვარკინმა, ეკონომისტმა სერგეი ალექსაშენკომ (რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე) და Yandex–ის ტოპ მენეჯერმა, რომან ივანოვმა.
მისივე თქმით, რუსეთიდან ბერლინში სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავით ტრანსპორტირება 79 000 ევრო დაჯდა. როგორც მანამდე ნავალნის გარემოცვა აცხადებდა, ეს ხარჯი ბიზნესმენმა ბორის ზიმინმა გადაიხადა.
"უცნობია, თუ რა ჯდება შემდგომი მკურნალობა, რადგან გაურკვეველია გამოჯანმრთელების პერიოდი. გუშინ, საავადმყოფოში წავედი ახალი ჯგუფის ტესტების გასაკეთებლად, მათ თქვეს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის", - დაწერა ნავალნიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მისი საბანკო ანგარიში დაბლოკილია.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, გერმანელი ექიმების წყალობით კი სიკვდილს გადაურჩა. ამ დროისთვის კომიდან გამოსული პოლიტიკოსი კვლავ გერმანულ კლინიკა "შარიტეში" გადის მკურნალობის კურსს.
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ დაადასტურა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერების კვალი ნავალნის ბიოლოგიურ ნიმუშებში. ეს არის გერმანიის, საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები. ასევე, ამ მასალებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც (OPCW) იკვლევს.
დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს დაიწყოს გამოძიება ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე და დასაჯოს დამნაშავეები ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი განიხილავს რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების შემოღებას. თუმცა, კრემლი უარყოფს იმას, რომ ნავალნი მოწამლულია და აცხადებს, რომ გერმანიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა არანაირი შესაბამისი მონაცემები.
ამავე დროს, ბუნდესვერის ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტმა, რომელმაც ნავალნის ბიომასალაში "ნოვიჩოკის" კვალი გამოავლინა, განმარტა, რომ არ შეუძლია რაიმე ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარისთვის საქმის საიდუმლო ვითარებიდან გამომდინარე.