რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. გადაწყვეტილება გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის პლენარულ სხდომაზე გამოაცხადეს.
რუსეთის კანდიდატურას მხარი 158 სახელმწიფომ დაუჭირა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის გარდა, კიდევ 14 ქვეყანა აირჩიეს: ბოლივია, დიდი ბრიტანეთი, გაბონი, ჩინეთი, კოტ დ 'ივუარი, კუბა, მალავი, მექსიკა, ნეპალი, პაკისტანი, სენეგალი, უზბეკეთი, უკრაინა, საფრანგეთი.
ახალი საბჭო მუშაობას 2021 წლის 1 იანვარს დაიწყებს.
როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბრენდენ ვარმამ განუცხადა ჟურნალისტებს, საბჭოში წევრობის უფლება აქვთ გაეროს ყველა წევრ ქვეყანას და წევრი ქვეყნის უფლებამოსილების ვადაა სამი წელი.
არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით და კანდიდატმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მინიმუმ 97 ხმა.
რუსეთის, ჩინეთისა და კუბის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებად არჩევას გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
პომპეოს განცხადებით, აღნიშნული სახელმწიფოების საბჭოს წევრებად არჩევა ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები სწორად მოიქცა, როდესაც 2018 წელს საბჭო დატოვა.