მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახალი გენერალური დირექტორის შესარჩევ დასკვნით ეტაპზე ორი კანდიდატი გამოიკვეთა. ესენი არიან მსოფლიო ბანკის ყოფილი მმართველი დირექტორი ნგოზი ოკონჯო-ივეალა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრი იუ მიუნგ ჰე.
ამრიგად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ 5 კანდიდატიდან ორი ქალი შეირჩა, რომელთაც ორგანიზაციის წევრების ფართო მხარდაჭერა მოიპოვეს. ერთ-ერთი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გახდება.
გენერალური დირექტორის არჩევის საკითხზე კონსულტაციების მესამე რაუნდი 19 ოქტომბერს დაიწყება და გაგრძელდება 27 ოქტომბრამდე. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის არჩევაზე ნოემბრის პირველ ნახევარში მიიღება.
ნგოზი ოკონჯო-ივეალას კანდიდატურა ნიგერიამ დაასახელა. მანამდე ის ნიგერიის ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობებს იკავებდა. მსოფლიო ბანკში მისი მუშაობის 25 წლის განმავლობაში, ოკონჯო-ივეალას ეკავა არაერთი თანამდებობა, მათ შორის, მმართველი დირექტორისა (მეორე მნიშვნელოვანი პოზიცია ბანკში).
ამჟამად 66 წლის ნგოზი ოკონჯო-ივეალა ვაქცინისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის თავმჯდომარეა.
53 წლის იო მიუნგ ჰი პირველი ქალია, რომელმაც სამხრეთ კორეის ვაჭრობის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. ის 25 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.
იო მიუნგ ჰი საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტია, კერძოდ, მან მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კორეის მთავარ სავაჭრო მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინა გენერალური დირექტორი, რობერტუ აზევედუმ თანამდებობიდან 31 აგვისტოს, საკუთარი ნებით დატოვა.