შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა და დაგმო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციების მიმართ ხელისუფლების ძალმომრეობა.
პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებულია საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.
მისივე თქმით, არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატთა დაურეგისტრირებლობამ, დაშინებამ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო უბნებზე დაშვების აკრძალვამ და დაკავებებმა.
შეერთებული შტატები გმობს საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობას და ოპოზიციის მომხრეთა დაკავებას.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ მომიტინგეების მიმართ მიმდინარე ძალადობასა და ოპოზიციის მომხრეების დაკავებას, ისევე როგორც ინტერნეტის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის ბელარუსელ ხალხს არჩევნებისა და დემონსტრაციების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას", - განაცხადა პომპეომ.
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.23% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, სვეტლანა ციხანოუსკაიამ კი - 9.9%
საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი და სხვა ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
ხელისუფლებად დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკური ძალა გამოიყენა.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30-ზე მეტ ქალაქში აქციებზე დაკავებულია დაახლოებით 3000 დემონსტრანტი. შეტაკებების დროს მინსკში ერთი დემონსტრანტი დაიღუპა.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე, სვეტლანა ციხანოუსკაია.