27 ივლისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალაში შევიდა სამშვიდობო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მიღწეულ იქნა ერთი მხრივ უკრაინის სამთავრობო ძალებსა და მეორე მხრივ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის, ეუთოს წარმომადგენლების ჩართულობით.
შეთანხმების მიხედვით, აიკრძალა შეტევითი ან სადაზვერვო-დივერსიული ქმედებები, ნებისმიერი ლეტალური იარაღის გამოყენება, ცეცხლის გახსნა და დასახლებულ ობიექტებთან, სამოქალაქო ინფრასტრუქტურებთან მძიმე შეიარაღების მიახლოება.
ამავდროულად, კიევმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ართმევს უკრაინელ სამხედროებს რეაგირების უფლებას, თუ მტერი არღვევს ხელშეკრულებას.
შეთანხმების ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი გამართეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და კიდვ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის აუცილებლობას.
შეთანხმების ამოქმედებას გამოეხმაურნენ კიევში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მიესალმებიან რა მშვიდობის დამყარების მცდელობას, მხარს დაუჭერენ ამ მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას.
კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტს, რომელსაც 13 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.