ჩინელმა დიპლომატებმა ტეხასის შტატში, ჰიუსტონში გენერალური საკონსულოს შენობა დატოვეს, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს საკონსულოს დახურვა უბრძანა. იტყობინება Associated Press-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჩინელი დიპლომატების მანქანებმა საკონსულოს ტერიტორია დატოვეს, შენობაში შევიდნენ აშშ-ის ფედერალური სამსახურების თანამშრომლები.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს ჰიუსტონის გენერალური საკონსულოს დახურვა მიმდინარე კვირას, სამშაბათს უბრძანა და შენობის დასატოვებლად 72-საათიანი ვადა მისცა.
"ამერიკის შეერთებული შტატები არ შეეგუება ჩინეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას და ამერიკელი ხალხის დაშინებას, ისევე, როგორც ჩვენ არ მოვითმინეთ ჩინეთის მხრიდან უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკას, ამერიკელების სამსახურების მოპარვას და სხვა აღმაშფოთებელი ქმედებებს", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილების განმარტებისას.
"ჰიუსტონში საკონსულოს დახურვის შესახებ ბრძანება "სერიოზულად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და საერთაშორისო ურთიერთობების ძირეულ ნორმებს", - ასე გამოეხმაურა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას პეკინი, რომელმაც ორმხრივი ურთიერთობების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს დააკისრა.
ჰიუსტონის საკონსულოს დახურვის შემდეგ, ტრამპმა თავის ერთ-ერთ განცხადებაში მიანიშნა, რომ შესაძლოა შტატებში კიდევ დაიხუროს ჩინეთის საკონსულოები.
გუშინ, ჩინეთმა ვაშინგტონის ქმედების საპასუხო ნაბიჯის შესახებ განაცხადა და შეერთებულ შტატებს სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ჩედუნში გენერალური საკონსულოს დახურვა უბრძანა.
ფოტო: AP