რუსეთის ფედერაციის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის, ხაბაროვსკის მხარის ქალაქ ხაბაროვსკში გუბერნატორ სერგეი ფურგალის დაკავების გასაპროტესტებლად უკვე მესამე შაბათია ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
ათიათასობით დემონსტრანტი მხარის არჩეული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"პუტინი გადადგეს", "პუტინი ქურდია", "პუტინმა დაკარგა ნდობა" - გუბერნატორის გათავისუფლების მოთხოვნის გარდა, საპროტესტო აქციზე პუტინის გადადგომის მოთხოვნებმაც გაიჟღერა.
საპროტესტო აქცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ ყოფილა სანქცირებული, ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყო. მსგავსი მოთხოვნების საპროტესტო აქცია გასულ და იმის წინა შაბათსაც მოეწყო, თუმცა დღევანდელი გაცილებით მასშტაბური იყო.
დემონტსტრანტები გამოვიდნენ ასევე ხაბაროვსკის სხვა ქალაქებში, ამურის კომსომოლკსა და ვლადივასტოკში.
სერგეი ფურგალი 9 ივლისს დააკავეს ხაბაროვსშკი და მოსკოვში გადაიყვანეს. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 ივლისს შეუფარდა.
გუბერნატორს ბრალი წაუყენეს ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში კიდევ ორი მეწარმის მკვლელობის ორგანიზებაში. თავად ფურგალი უარყოფს დანაშაულს და დანაშაულში მონაწილეობას.
ფურგალის მომხრეები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რადგან უცნაურია, თუ რატომ ამოტივტივდა ის 15 წლის შემდეგ.