ჩინეთმა შეერთებულ შტატებს სიჩუანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ჩენდუში გენერალური საკონსულოს დახურვა მოსთხოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
ჩინეთის განცხადებით, ეს ნაბიჯი "აუცილებელი საპასუხო ზომაა" შეერთებული შტატებისთვის, რომელმაც მანამდე ჩინეთს ჰიუსტონში არსებული გენერალური საკონსულოს დახურვა უბრძანა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულოს დახურვის მოთხოვნა, ჩინეთის მიერ ამერიკელი მოქალაქეების ინტელექტუალური საკუთრების მიტაცების მცდელობის მოტივით ახსნა.
"ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ვითარება არის ის, რაც ჩინეთს არ სურს. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად აშშ-ს ეკისრება", - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ორშაბათამდე მისცა დრო, რათა უზრუნველყოს ჩენდუში არსებული საკონსულოს დახურვა.
მისია, რომელიც დაარსდა 1985 წელს და ამჟამად ჰყავს 200-ზე მეტი პერსონალი, განიხილება როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რადგან ის საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს შეაგროვოს ინფორმაცია ტიბეტის ავტონომიურ რეგიონზე, სადაც დამოუკიდებლობისთვის დიდი ზეწოლა მიმდინარეობს.
დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გაიზარდა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ჩინეთის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება დაკავშირებული იყო თავდაპირველად სავაჭრო ურთიერთობებსა და ტარიფებთან, შემდეგ კორონავირუსთან და მოგვიანებით, ჰონგ კონგის ავტონომიის შეზღუდვის მიზნით უსაფრთხოების ახალი კანონის შემოღებასთან.
ჩინეთის მიერ აშშ-ის საკონსულოს დახურვის მოთხოვნას, მცირე ხნით წინ უსწრებდა მაიკ პომპეოს სიტყვით გამოსვლას კალიფორნიაში, სადაც მან მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის ხელმძღვანელობა.
"თავისუფალმა სამყარომ უნდა გაიმარჯვოს ამ ახალ ტირანზე", - განაცხადა პომპეო ჩინეთზე საუბრისას.