თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა ზვიად კუპრავასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა დაააკმაყოფილა. მოსამართლე საქმის განხილვას ჩამოშორდა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში ინციდენტი მოხდა, რის გამოც ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს.
კერძოდ დაცვის მხარე მოსამართლის აცილებას იმ საფუძვლით ითხოვდა რომ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ბრალდებულთან მიმართებაში ვერ იქნებოდა ობიექტური რადგან 2016 წელს სწორედ აღნიშნული მოსამართლის საწინააღმდეგოდ მან საქალაქო სასამართლოსთან გამართა აქცია და დაადანაშაულა მევახშეობაში.
"როგორც თვითონ ამბობენ, თურმე, მე ბინებს ვაქირავებ და ამ შემოსავლით ვცხოვრობ. სამეწარმეო საქმიანობას მე არ ვახორციელებ. ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი, თუმცა იმის გამო, რომ კუპრავას, მის ადვოკატებს და მხარდამჭერებს არ გაუჩნდეთ განცდა, რომ მოსამართლე ამ ცილისწამებლური განცხადებების გამო არის განაწყენებული, მე ამ საქმეს უნდა ჩამოვცილდე", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.