აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ტელეფონით რამდენჯერმე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, უიტკოფმა და არაღჩიმ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის მოგვარების პოტენციური დიპლომატიური გზები განიხილეს.
როგორც სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უიტკოფს განუცხადა, რომ ირანმა „შესაძლოა, ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მოქნილობა გამოიჩინოს“, თუ შეერთებული შტატები ისრაელს ომის შეჩერებას აიძულებს.
კიდევ ერთი წყაროს ცნობით, პირველი სატელეფონო საუბარი „ვაშინგტონის ინიციატივით შედგა, რომელმაც ასევე შესთავაზა ახალი წინადადება“ მხარეებს შორის ჩიხის დასაძლევად.
გამოცემის ცნობით, ასევე, ამ მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მოკლედ განიხილეს აშშ-ის წინადადება, რომელიც მაისის ბოლოს თეირანს გადაეცა, ირანის ფარგლებს გარეთ ურანის გამდიდრების მიზნით რეგიონალური კონსორციუმის შექმნის შესახებ.
პარასკევს, გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.
ცნობილია, რომ პარასკევს, 20 ივნისს, ჟენევაში ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები გაიმართება წამყვანი ევროპული ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. მანამდე მინისტრები ჟენევაში, გერმანიის საკონსულოში ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს, კაია კალასს შეხვდებიან