საუკუნის საქმედ შეფასებული ე.წ. ციანიდის საქმე, სპეცოპერაციები, ნარკოდანაშაულში ბრალდებულების სასამართლო პროცესები, სასტიკი მკვლელობები - ეს გახმაურებულ საქმეთა ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც 2017 წლის არქივში დარჩება და ისტორიის ნაწილიც გახდება.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი 2017 წლის კრიმინალურ ქრონიკას.
ე.წ. ციანიდის საქმე - 2017 წლის 10 თებერვალს, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ დაკავების მიზეზად თავდაპირველად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა. აღნიშნულმა არამხოლოდ საზოგადოება, არამედ, პრემიერ-მინისტრიც შეიყვანა შეცდომაში, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებამ თავიდან უდიდესი უბედურება აიცილა და რომ ეს იყო, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დეკანოზის ბრალი სულ სხვა იყო. პროკურატურა ახლა უკვე სხვა რამეს ირწმუნება. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მამალაძე პატრიაქრის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ანგარების მოტივით გეგმავდა და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის შეძენას.
აღნიშნული ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია და 2017 წლის 5 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქმის განხილვამ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ბრალდების მხარე კი ბრალის დამძიმებას და განაჩენში მკვლელობის ანგარებით მომზადების ჩამატებას ითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლო დეკანოზის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ძალაში დატოვებს, დაცვის მხარე საქმეს სტრასბურგში წაიღებს. ეს უკანასკნელი კი სახელმწიფოს შესაძლოა „ძვირი“ დაუჯდეს.
გახმაურებული საქმეთა სიაში, რომელმაც ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და „დემირელის“ კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება. აღნიშნულ საქმეებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.
აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.
თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანაა გარიგებული.
აღნიშნულ საქმეს ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსიც გამოეხმაურა და საქმის გარშემო კითხვებზე გაამხვილა ყურადღება. მისთვის საეჭვო აღმოჩნდა ის გარემოება, თუ რატომ არ აქვს მომხდარის ამსახველი გამოსახულებები არცერთ იმ კამერას, რომლებიც მუხთარლის გატაცების სავარაუდო ადგილას იყო დამონტაჟებული.
აფგან მუხრთალის საქმის განხილვა აზერბაიჯანულ სასასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს.
„დემირელის“ კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან წევრობას ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს, სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივდა. ჩაბუქსა და მის ოჯახს 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ მხრიდან, უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებაში, აზრთა სხვაობაა.
სასამართლო განხილვები კვლავ მიმდინარეობს.
ხმაურიან საქმეთა სიაში ერთ-ერთი გამორჩეული ე.წ. რეპერების საქმეც აღმოჩნდა.
2017 წლის ივნისში, ჯგუფ „ბირჟა მაფიის” წევრები განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.
რეპერები ირწმუნებოდნენ, რომ ნარკოტიკული საშუალება მათ სამართალდამცავებმა ჩაუდეს. დაკავებიდან მალევე გახდა ცნობილი, რომ მათი დაპატიმრება რეალურად არა ნარკოდანაშაულს, არამედ მუსიკალურ ვიდეორგოლს უკავშირდებოდა, რომელშიც რეპერებს პოლიციელი ჰყავდათ გაშარჟებული.
მუსიკოსების დაკავებას მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ, გაატავისუფლეს რეპერები. პროკურატურის განცხადებით, ჯგუფის წევრების გამოკითხვის საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე.
საბოლოდ, თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრების, გიორგი ქებურიას და მიშკა მგალობლიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა. მიზეზად, საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობა დასახელდა.
გარდა რეპერებისა, ნარკოდანაშაულში სხვა ბრალდებულების მიმართაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, შოთა პაკელიანის, მიხეილ თათარაშვილის და დავით ხარშილაძის მიმართ.
6 თვეა მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, მოსამართლე აბესაძის მიმართ საპატიმრო ღონისძიებას არ ცვლის.
2017 წლის 12 ივნისს, ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს არაერთხელ მიმართა შუამდგომლობით, აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არცერთ ეტაპზე დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ სასამართლოში არაერთგზის გაამახვილა ყურადღება აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა, აბესაძე კვლავ პატიმრობაში დატოვეს.
ამჟამად აბესაძის გასათავისუფლებლად ხემოწერები გროვდება.
საზოგადოებისთის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ზაფხულში, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის ანა ხელაძის მკვლელობა.
2017 წლის 16 ივლისს, ანა ხელაძე მეზობლებმა ყელგამოჭრილი იპოვეს. მკვლელობის საქმეზე ბრალი ხელაძის ბიძაშვილს, 22 წლის რობერტ ახალაიას წაუყენეს. სწორედ მასთან ერთად ცხოვრობდა გარდაცვლილი დეიდის სახლში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული ფოთში დააკავეს. მას სახელმწიფო ბრალდება მამიდაშვილის გაუპატიურების მცდელობასა და განზრახ მკვლელობას ედავება.
სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ დასრულებულა.
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ვაჟის, ბექა ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო განხილვები.
2017 წლის 17 მაისს, ბექა ხახუბია გორის მაგისტრალზე, გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა, რა დროსაც მის დევნას და ჩასაფრებას საპატრულო პოლიცია ახორციელებდა. მოხდართან დაკავშირებით ბრალი 3 სამართალდამცავს წაუყენეს. პოლიციელებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვთ წაყენებეული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული სამართალდამცავები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ოჯახის პოზიციით კი, პოლიციელების ქმედების შედეგად მოესპო ბექა ხახუბიას სიცოცხლე. სასამართლო განხილვები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ხორავას ქუჩააზე მომხდარი მკვლელობა - პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ ორი არასრულწლოვანი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი, პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. ერთს მათგანს გირაო შეეფარდა, მეორე კი, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ხმაურიანი აღმოჩნდა საპოლიციო კონტროლისას პოეტ ზვიად რატიანის დაკავება. ის სამართალდამცავებმა 24 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. რატიანის განცხადებით, მას პოლიციელებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ტვინის შერყევა მიიღო.
საგამოძიებო ორგანომ რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში დადო ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა, რატიანის განცხადებით, მან სამართალდამცავებს მას შემდეგ მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბრალდების მხარემ მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სასამართლოზე წარადგინა, რაც მოგვიანებით, საზოგადოებრივმა არხმა გაავრცელა. საზოგადოებრივი არხის სამეურვეო საბჭო მიიჩნევს რომ აღნიშნული მასალით არხმა რატიანის უფლებები დაარღვია. ამას გარდა, დაცვის მხრე ირწმუნება, რომ ვიდეომასალა მომხდარს სრულად არ აღბეჭდავს და ის ფრაგმენტულია.
მიუხედავად ყველაფრისა, სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, ახალი წლის გამო, მას მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა და მხოლოდ 2000 ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლა. რატიანი სასმართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხულიგნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
წლის განმავლობაში ორი ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩატარდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სპეცოპერაცია 21 ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.
სპეცოპერაციის შედეგად, დაიჭრა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი და დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი. ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი პირი, მათ შორის, აჰმედ ჩატაევი ლიკვიდირებულია.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია - სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი - თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის, რესურსებით უზრუნველყოფისა და ტერორისტებისათვის თავშესაფრის მიცემის ბრალდების საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც სასამართლო აცხადებს, საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს დახმარება გაუწიეს დროებითი საცხოვრებლით, მომსახურებით და აგრეთვე უზრუნველყვეს საკვები პროდუქტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს 17-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სპეცოპერაციისას დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დრომდე მძიმედ რჩება. მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმის სტრასბურგში წაღებას გეგმავს.
ეკა ლემონჯავა