თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი ქმრის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
„ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს და დაემხობა კიდეც! – ესაა ჩემი კომენტარი“, – წერს ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქზე".
ინფორმაციისათვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გამოძიება სსკ-ის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც დამხობის მოწოდებას გულისხმობს.
საქმე ეხება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ბაჩო ახალაია სასამართლო სხდომაზე ამბობს – „მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით. ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია, გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“.
ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზეა ბრალდებული, მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ითვალისწინებს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.