უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის ამ კვირაში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გადაიდო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მე შეხვედრა გავმართე ჩვენს მომლაპარაკებელთა გუნდთან. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულ მხარესთან 24/7-ზე კომუნიკაცია გვქონდეს. ამჟამად ჩვენი პარტნიორების პრიორიტეტი და სრული ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა გადატანილი და ამის გამო, ამერიკული მხარის წინადადებით ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. თუმცა, უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ისეთ ფორმატში, რომელიც დაეხმარება და რეალისტური იქნება ომის დასრულების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გუნდმა რუსული მხარის გეგმების შესახებ ინფორმაცია უკრაინის სადაზვერვო სააგენტოების საქმიანობის წყალობით მიაწოდა.
მან თავის გუნდს დაავალა ამერიკელებს გადასცენ, რომ უკრაინა მზადაა უსაფრთხოების სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით თავდასხმის დრონებისგან თავდაცვის კუთხით. ის ასევე მზადაა, აქტიურად იმუშაოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები ახლა ცდილობენ ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული სიტუაციის მანიპულირებას, რათა მხარი დაუჭირონ თავიანთ აგრესიას და ირანის რეჟიმის თავდასხმები მეზობლებსა და ამერიკულ ბაზებზე რუსეთის მიერ უკრაინისა და, უფრო ფართოდ, მთელი დასავლეთის წინააღმდეგ ომში ფაქტობრივ მეორე ფრონტად აქციონ. ეს ნამდვილად მიუღებელია. ბოროტებას არ უნდა მიეცეს კოორდინაციის შესაძლებლობა, მაგრამ სიცოცხლის დაცვა მკაცრად უნდა იყოს კოორდინირებული,“ - წერს ზელენსკი.