ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) გასხვისებაზე ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
მან თქვა, რომ მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფის დასახელება სავარაუდოდ, 60 დღეში იქნება შესაძლებელი.
მისი თქმით, არაბული რაკია (რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო) რჩება საქართველოში. ინვესტორთან საქართველოს მთავრობას აქვს ძალიან კარგი, საუკეთესო ურთიერთობა და ინვესტორი აგრძელებს ინვესტირებას (შერატონში, თბილისი მოლში)
"თავის დროზე რას ალ ხაიამას ხელისუფლება იყო ფოთის პორტის მფლობელი, რომელიც შემდეგ გაყიდეს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ფოთის აეროპორტი იყო შემადგენელი ერთი კლასტერული ხედვის, რაც გააჩნდა რას ალ ხაიამს საინვესტიციო ხელისუფლებას. მას შემდეგ რაც პორტი გაიყიდა, ის ინვესტიციები, რაც უნდა ჩადებულიყო თიზ-ში და აეროპორტში აღარ განხორციელდა, ეს არის ლოგიკა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
აღნიშნა, რომ სახელმწიფო იბრუნებს ქონებას, რომელიც მისი შეფასებით, 100-დან 150 მლნ აშშ დოლარამდე ღირს.
"დავიბრუნეთ სწორედ იმიტომ რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი. სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა, მეტი და დიდი ინვესტორები მოვიზიდოთ. სახელმწიფო უკვე მუშაობს მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან, თუ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ აღნიშნული მოლაპარაკებები $ 600 მილიონიან ინვესტიციებზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა სავარაუდო ინვესტორი დასახელება დღეს არ ისურვა.