აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ამერიკას ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს „საშინელი პრეზიდენტი“ ჰყავდა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა კატასტროფები მოჰყვა.
„რვა ომი დავასრულე, მეცხრეს დავასრულებ. შეხედეთ იმ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან. როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნამდვილად უნდა აკონტროლო მსოფლიო, რადგან ამაში ჩათრეული იქნები. სხვა შემთხვევაში, მსოფლიო ომში ჩაგითრევენ. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი, ეს ომი მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. როდესაც დავბრუნდი, გაოგნებული ვიყავი, რადგან ვითარება მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამერიკის პრეზიდენტს არ განუმარტავს, კონკრეტულად რაზე საუბრობდა, თუმცა უკრაინული მედია ვარაუდობს, რომ ის PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამაზე საუბრიბდა
როგორც ცნობილია, ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში ინიცირებული PURL-ის პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.