საქართველოს პარლამენტი ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის მისამართით განცხადების მიღებას გეგმავს.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ვიქტორ დოლიძის წინადადებით ვიზა-ლიბერალიზაციის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში, პოლიტიკური ძალების მიერ განცხადება ერთობლივად მომზადდა, რომელსაც პარლამენტი სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.
განცხადებაში საუბარია, რომ საქართველო-ევროკავშირის ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას ეფუძნება, უკანასკნელ წლებში, საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია.
ამას გარდა, განცხადებაში ქვეყანაში მიღწეული პროგრესი ხაზგასმულია და საქართველო იტალიასა და ბელგიას ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციისკენ მოუწოდებს.
„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგში. პარლამენტი სრულად ადასტურებს საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში და მოუთმენლად ელის, რომ დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების მიღწევები იქნება სათანადოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში. ასევე, პარლამენტი მიმართავს ევროკომისიას წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე და სჯერა, რომ მას მოჰყვება ეროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და ნათქვამია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მცხოვრები ხალხის რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, მეტიც ყველასათვის გამოავლენს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებსა და ევროპული არჩევანის უტყუარ სარგებელს.
ამასთანავე, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააგრძელოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების წარმოება და გაავრცელოს უვიზო მოგზაურობის უფლებები და ვალდებულებები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკომისია შეფასებით დასკვნას 15 დეკემბერს გაასაჯაროვებს, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება.