რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის გადარჩენის ოპერაცია თერთმეტ საათს გაგრძელდა. ის მაშველებმა 3 ნოემბერს, გვიან ღამით ამოიყვანეს, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა კაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რომის კოლიზეუმის მახლობლად მდებარე XIII საუკუნის კოშკის, Torre dei Conti-ს ნაწილი 3 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. ნგრევის დროს იქ იმყოფებოდნენ მუშები, რომლებიც კოშკის რესტავრაციაში მონაწილეობდნენ.
ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ორს კი დახმარება ადგილზე გაეწია.
კოშკის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ნგრევის გამომწვევი გარემოებების გამოძიება დაწყებულია. 
რომში მდებარე ისტორიული კოშკი 1238 წელს პაპ ინოკენტი III-ის ძმამ, რიჩარდ კონტიმ ააშენა, როგორც რეზიდენცია თავისი ოჯახისთვის.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ცინიკური განცახდება გააკეთა და კოშკის ჩამონგრევა უკრაინისადმი იტალიის დახმარებას დაუკავშირა.
„ვიდრე იტალიის მთავრობა ომზე გადასახადის გადამხდელების ფულის დახარჯვას გააგრძელებს, ქვეყანა - მისი ეკონომიკიდან დაწყებული კოშკებით დამთავრებული - დაიქცევა“, - თქვა ზახაროვამ.
ამის შემდეგ იტალიის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა.