გერმანია ამჟამად უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადაცემას ვერ შეძლებს, რადგან ეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის კრიტიკულად დასუსტების საფრთხეს შექმნის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას WAZ ავრცელებს.
„მიწოდების საკითხი, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემებთან დაკავშირებით, რთულად მიმდინარეობს. გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა რამდენიმე სისტემა და მათთვის განკუთვნილი მართვადი რაკეტების დიდი რაოდენობა. ამ ეტაპზე მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ყველაფერს, რასაც ახლა გადავცემთ, დროებით ვერ შევავსებთ, რაც ჩვენს თავდაცვაში ხარვეზებს შექმნის, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს“, - აღნიშნა პისტორიუსმა.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებმა უკრაინის დახმარებაში „მნიშვნელოვნად ნაკლები წვლილი შეიტანეს“, ამიტომ ბერლინი პარტნიორებისგან უფრო აქტიურ მოქმედებებს ელოდება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს საკითხი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე დეტალურად უნდა განიხილონ, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
პისტორიუსი უკრაინაში ცეცხლის მალე შეწყვეტის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ მოსკოვი დასახული მიზნების მიღწევას ვერ შეძლებს.
„არ მჯერა, რომ რუსეთი ზამთარში სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო დარტყმებით შეძლებს ომის მიმდინარეობის თავის სასარგებლოდ შეცვლას. სახმელეთო ფრონტზე რუსეთის შეიარაღებული ძალები ვერანაირ წინსვლას ვერ აღწევენ, დანაკარგები კი კოლოსალურია - თვეში 30 000-დან 40 000-მდე ჯარისკაცი“, - დასძინა ბორის პისტორიუსმა.
ცნობისათვის, გერმანია უკრაინის დახმარების კუთხით ევროპის უმსხვილესი დონორია.
გერმანიის ფედერალური მთავრობის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბერლინმა კიევს დაახლოებით 43,3 მილიარდი ევროს ჰუმანიტარული და 57,6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია (მათ შორის თანხები, რომელთა გამოყოფაც მომდევნო წლებისთვის არის გათვალისწინებული).