26 ოქტომბერს ყვარლის ტბის ირგვლივ გაიმართა ტრადიციული „მასტერს მარათონი 2025“, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ (მაია აზარაშვილი) მიერ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.'

ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ მთელი წლის განმავლობაში ატარებს მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მაია აზარაშვილის ინიციატივით ორგანიზებული ასპარეზობები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსახლეობის ფართო ჩართულობას გამაჯანსაღებელ, სამოყვარულო სპორტში.

ფედერაციის მუდმივი ყურადღების ცენტრშია არა მხოლოდ ბავშვები და ახალგაზრდები, არამედ ხანდაზმული ადამიანებიც, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ წლის განმავლობაში გამართულ მრავალ შეჯიბრებაში.

მარათონში მონაწილეობა მიიღეს 30 წლის ზემოთ ასაკის ქალებმა და კაცებმა, რომლებმაც დაფარეს 10-კილომეტრიანი დისტანცია.
კაცებს შორის საუკეთესო შედეგი შეადგინა 32 წუთი, ხოლო ყველაზე ასაკოვანმა — 79 წლის მორბენალმა — ფინიშს მიაღწია 72 წუთში.
ქალთა კატეგორიაში საუკეთესო დრო იყო 40:49, ხოლო 60+ ასაკობრივ კატეგორიაში — 1:12:35.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მორბენალი მარიამ ვეფხვაძე, რომელმაც სულ ახლახან გადაიტანა მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების ოპერაცია კერამიკული პროთეზით, თუმცა მიუხედავად ამისა, გაბედულად მიიღო მონაწილეობა მარათონში, ღირსეულად დაასრულა დისტანცია და დაიმსახურა 60+ ასაკობრივი კატეგორიის თასი და 500-ლარიანი ფულადი პრიზი.
ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერასდროს უნდა გახდეს ბარიერი აქტიური ცხოვრებისათვის — მთავარია ნებისყოფა, მიზანდასახულობა და სურვილი, საკუთარი მაგალითით სხვებიც შთააგონო.
