იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის წარდგენასაც მალე გეგმავს. ინფორმაციას la Repubblica ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, კროზეტომ განაცხადა, რომ იტალია უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
„უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ კიევის დახმარებას ყველანაირად.
სავარაუდოდ, ჩვენ ახალ პაკეტს მოვამზადებთ, რომელსაც მალე წარმოგიდგენთ იმავე ფორმატით, როგორც სხვა პაკეტებს“, - თქვა კროზეტომ.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იქნება მე-12 სამხედრო დახმარების პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
„რაც შეეხება გერმანიის მიერ გამოგზავნილ Patriot-ებს,  ქვეყანას ის აქვს და შეუძლია გაგზავნა.
„ჩვენ ყველაფერი გავგზავნეთ, რაც გვქონდა - დახმარება გასაიდუმლოებულია, - განაცხადა კროზეტომ.
მანამდე, Bloomberg-მა, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის მხრიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას და რაკეტებს.
სავარაუდოდ, დახმარების მე-12 პაკეტი წლის ბოლომდე იქნება მზად, თუმცა ყველაფერი პარლამენტის პროცედურებზე იქნება დამოკიდებული.
იტალიის დახმარების 11 პაკეტის ღირებულება, სავარაუდოდ, 2.5-დან 3 მილიარდ ევრომდე მერყეობს.
ცნობილია, რომ იტალიამ უკრაინას ორი SAMP/T-ის ბატარეა გადასცა, თუმცა დახმარების პაკეტების სხვა დეტალები არ გასაჯაროვებულა.