ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელისუფლებისგან საარჩევნო გარემოს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, დიალოგს ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ პარტიები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული მზადყოფნა დიალოგისთვის, კონსესუსის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯია.
"უკანასკნელ პერიოდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა (სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა, 240,000 ხელმოწერა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის, პარლამენტში ინტერპარტიული კომისიის ინიცირება, შუალედური არჩევნები 31.10.2015, მიმდინარე საპროტესტო-შიმშილობის აქცია) კიდევ უფრო ნათელი გახადა პრობლემათა სიმწვავე და ცხადყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის აუცილებლობა. ჩვენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან -კოალიცია "ქართულ ოცნებისგან" დიალოგს საარჩევნო გარემოს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით", - აცხადებენ პარტიები.
მათივე განცხადებით, დიალოგი უნდა გაიმართოს შემდეგ საკითხებზე: პარლამენტის საარჩევნო სისტემა; საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; უფასო სარეკლამო საეთერო დრო; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა.
"იმავდროულად გავეცანით, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმის შესახებ დიალოგზე მზადყოფნის შესახებ, ჩვენის მხრივ, ვადასტურებთ მზადყოფნას ფართო კონსესუსის მისაღწევად", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები - მამუკა კაციტაძე; გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - ნინო ბურჯანაძე; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა; თავისუფალი საქართველო -კახა კუკავა; თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია; რეფორმატორები - ირაკლი ღლონტი; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის -ზურაბ ხარატიშვილი; საქართველოს ევროპელი დემოკრატები- პაატა დავითაია; საქართველოს ლეიბორისტული პარტია - შალვა ნათელაშვილი; საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა - გია ბერძენიძე; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი - აკაკი ასათიანი; ქრისტიან-დემოკრატიული პარტია - გრიგოლ ჯოჯუა.