პრემიერ-მინისტრს იმედი აქვს, რომ პროექტი „ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის“ რეგიონების გამოცოცხლებისა და საწარმოების ამუშავების წინაპირობა გახდება.
”მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს იქნება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ პროექტს უნდა მოჰყვეს რეგიონების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა”, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“ წარდგენისას.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის, საწარმოთა განვითარების, ასევე ტურიზმის მიმართულებით.
”დავიწყებ სოფლის მეურნეობით და მოგახსენებთ, რომ ეს ეხება გადამმუშავებელ წარმოებას - მეფრინველეობას, მესაქონლეობას, რძის, ხორცის წარმოებას, ხილ-ბოსტნეულს, კენკროვან კულტურებს, მეფუტკრეობას, სასათბურე და სანერგე მეურნეობების განვითარებას, მეთევზეობას, თევზის გადამმუშავებელ წარმოებას, სამაცივრე მეურნეობის განვითარებას, მევენახეობა-მეღვინეობას. რაც შეეხება საწარმოების განვითარების პერსპექტივას, - ვფიქრობ, რომ ამ რეგიონს აქვს რაჭული ლორის, იშვიათი ღვინოებისა და კენკროვანი კულტურების პროდუქციის წარმოების უნიკალური რესურსი, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ამ რესურსს თუ სწორად გამოვიყენებთ, რაჭველ კაცს, ოჯახებს აქ აღარ უნდა უჭირდეთ და პირიქით - კეთილდღეობის მომტანი იქნება ეს პროექტები მოსახლეობისთვის”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამბროლაურს აქვს სოჭის სანერგე მეურნეობების განვითარების, რაჭული ლორის წარმოების რესურსი; ლენტეხს აქვს ოქროს მოპოვების რესურსი; ონს - ოქროს მოპოვების, რაჭული ლორის წარმოების, „უწერის“ მინერალური წყლის ჩამოსხმის და, ზოგადად, შოვში არსებული მინერალური წყლების პოტენციალის გამოყენების რესურსი.
ცაგერში მინერალური წყლების ბაზაზე შესაძლებელია როგორც მათი მომპოვებელი, ისე ჩამოსასხმელი საწარმოების შექმნა.
”გარდა ამისა, ყველა რაიონს აქვს ხე-ტყის გადამუშავების, ავეჯის წარმოების, ინერტული მასალების მოპოვების, მტკნარი წყლის ჩამოსხმის, ასევე რძის მიღება-გადამუშავების რესურსი”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.