სალომე ზურაბიშვილს იყენებენ ყველაზე საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად. შეგახსენებთ, რომ სწორედ ის იყო, ვინც შარშან, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ყველაზე ამორალური ტყუილები გაავრცელა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, უცხოელი აქტორები სალომე ზურაბიშვილს იყენებს ტყუილების სათქმელად.
„ზურაბიშვილი იგონებდა, თითქოს იყო პირადობის მოწმობების ორჯერ გამოყენება, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. იგონებოდა, თითქოს იყო 300 000 ზეციური საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც არსაიდან გაჩნდა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. იძახოდა, რომ ეს იყო რაღაც მასიური შეტევა არჩევნებზე რუსეთის მხრიდან, რაც დადასტურდა, რომ იყო ტყუილი. ამ ადამიანს ყველაზე საძაგელ ტყუილებს ათქმევინებენ ხოლმე და ათქმევინებენ იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო უცხო პლატფორმებზე გაიმეოროს ეს, როგორც ეს გააკეთა ახლა ამ შემთხვევაში პრაღაში, როდესაც მართლაც ასეთი საძაგელი ტყუილი თქვა საქართველოსთან დაკავშირებით და აქ უბრალოდ ერთი რამ უნდა ამოვიკითხოთ. ის ამას თავისით არ აკეთებს რა თქმა უნდა, აქ უნდა ამოვიკითხოთ გეგმა იმ უცხოური ჯგუფებისა, რომლებიც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ. როგორც შარშან იყო გეგმა, მისი პირით უნდა ეთქვათ ყველაზე საძაგელი ტყუილები ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ შემდეგ მათი გულცივი დამოკიდებულებები ეჩვენებინათ ხელისუფლების მიმართ, საბაბი მიეცათ კრიტიკისთვის, ახლაც ასეა. გამოიყვანეს, რომ ეთქვა, ღობე ხუთი ჭანჭიკით იყო გამაგრებული თუ ჩაბეტონებული რკინა-ბეტონი იყო, თუ ქვაღორღი. შემთხვევითი არ არის, რომ პრაღაში, ჩეხეთში უცხოურ ფორმატში ითქვა ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დავაკვირდეთ, როგორც კი დავინახავთ უცხოელებს, რომლებიც ამ საძაგელ ტყუილს გაიმეორებენ, ეგრევე მივხვდებით, რომ ეს არის ზუსტად კოორდინირებული, ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.