პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ს თანამშრომლები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის შვილმა შუქრი ბურჭულაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე.
პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ს თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს, ეს არ მოხდა, მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, 5-მა თუ 10-მა ახალგაზრდამ მოაძრო 1 წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა, რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის, არცერთია ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიცელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე, - ამბობს შუქრი ბურჭულაძე.
დღეს, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.