ყაზახეთი ფოთის პორტში ხორბლის ტერმინალს აღარ ააშენებს. საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ყაზახეთის მიერ სტრატეგიის ცვლილებამ განაპირობა, რომელიც უფრო მეტად ადგილობრივ წარმოებაზე ხდება ორიენტირებული.
"ამ პროექტის განხორციელებით ყაზახეთს საკუთარი მიზნები ქონდა. მათ უნდოდათ გასვლა შავ ზღვაზე. ჯერ კიდევ 2007 წელს საკუთარი დერეფნის შექმნის მოტივაციით მოქმედებდნენ. ისინი ფაქტობრივად ჩაკეტილები არიან და არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. მხედველობაში მაქვს შავი და ბალტიის ზღვები. იქედან გამომდინარე, რომ პირველი მოსავალი, რეგიონალურად, მოდის რუსეთსა და უკრაინაში და მათ აქვთ პორტები შავ ზღვაზე და როდესაც კარგი მოსავალია რუსეთს და უკრაინას ჯერ საკუთარი ხორბალი გააქვთ და შემდეგ დგება ყაზახური ხორბლის ჯერიც, რაც უკრაინისა და რუსეთის კეთილნებაზეა დამოკიდებული. უფრო მარტივად, რომ ავხსნა ყაზახეთს ხორბალი მიაქვს უკრაინის, ან რუსეთის პორტებამდე და ამის შემდეგ ხდება მისი გატანა სხვა ქვეყნებში.
2007 წელს მათ ქონდათ გეგმა, რომ საქართველოს გავლით დერეფანი გაეკეთებინათ, ანუ ხორბალი რკინიგზით მიეტანათ ფოთის პორტამდე, ხოლო პორტით შემდეგ გაეტანათ მსოფლიო ბარზე. მათ შორის ეგვიპტეშიც, ვინც ეგვიპტის ტენდერებს იგებს, ის ცხადია ბაზარზე დიდ მოთამაშედაც ითვლება.
2007 წლის ინფორმაციით, პროექტი იყო ქართულ-ყაზახური, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ, მათ პროექტის განხორციელება გადაიფიქრეს, თუმცა 2010 წელს მოლაპარაკებები განახლდა. დღეისათვის მდგომარეობით, როდესაც ყაზახეთი მაინც ვერ ახერხებდა მსოფლიო ბაზარზე გასვლას, შავი და ბალტიის ზღვების გავლით, თუ რკინიგზას სუბსიდირებას არ გაუკეთებდა, მათ სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტეს. ადრინდელი სქემა კი იყო ასეთი: ექსპორტზე გატანილ ყაზახური ხორბალზე ბიუჯეტი მეწარმეს ტონაზე 40-60 დოლარს (წლების მიხედვით) უხდიდა
ახლა მათ სტრატეგიას გადახედეს. ფინანსები, საუბარია წელიწადში 100 მლნ დოლარზე, რომელიც რუსული რკინიგზისათვის გადასახადსაც მოიცავდა, გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის დახარჯონ. მათ შორის მეხორბლეობის, მეთესლეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობისკენ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ყაზახეთის გარდა სტრატეგია შეცვალა რუსეთმაც.
"რუსეთმა ფაქტობრივად საკუთარი ბაზარი ჩაკეტა და დააწესა საექსპორტო ბაჟი:15 % ღირებულების + 7,5 ევრო. ამან კი გამოიწევია ის, რომ რუსეთიდან ხორბლის ტრანსპორტირება შეჩერებულია. ამას თან ერთვის რუბლის დევალვაცია. თუმცა ფქვილის მხრივ, მათ ექსპორტი შეჩერებული არ აქვთ, პირიქით წაახალისეს კიდეც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუბლის ვარდა მიმდინარეობს, ამით ისინი ახერხებენ იმას, რომ სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ, ანუ პროდუქტი იქმნება და ის ქვეყანა საკუთარი ბაზრის ხელშეწყობას ახდენს. იგივეა უკრაინაშიც, რომელმაც ხორბლის ექსპორტზე კვოტები დააწესა. რამდენიმე დღის უკან უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ხორბლის ექსპორტიორთა ასოციაციამ კვოტირებაზე მემორანდუმი გააფორმეს. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს ადგილობრივი პროდუქციის წახალისებაზე, ანუ ხორბლის გადამუშავებაზე და შემდგომ ფქვილის გატანაზე.
იმავდროულად დემპინგური ფასები აქვს თურქეთს, რომელიც აკეთებს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ღირებულება უფრო მაღალია ვიდრე ექსპორტირებულ პროდუქციაზე. თუ მეწარმეს ფქვილი ექსპორტზე გააქვს. შემდგომ შემოტანილ ხორბალზე სახელმწიფო დემპინგურ ფასს უწესებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რეგიონალურად შესაძლოა პრობლემა შეგვექმნას, რადგანაც ბაზარზე გაზარდოს ფქვილის ნაკადი. საკითხი არ იდგას ისე, რომ ქართულ ბაზარზე ფქვილი არ შემოვიდეს. აქ მთავარია ის, რომ არასამართლიანი კონკურენცია იქმნება.
დემპინგურია თურქული ფასი, რუსულ ფქვილს რაც შეეხება, რუსეთის მეფქვილეთა ასოციაციამ პრეზიდენტს მიწერა წერილი, რომ 40 %-ი გამოშვებული ფქვილი რუსეთში არის კუსტარული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველიმეორე ტომარა ფქვილი რუსეთში არის გადასახადების გარეშე წარმოებული და პლუს საეჭვო ხარისხის. აქედან გამომდინარე შესაძლოა სწორედ ეს ფქვილი მოხვდეს ქართულ ბაზარზე. უკრაინაში კი ჩრდილოვანი ეკონომიკაა- ეს მათივე აღიარებით"- განმარტავს სილაგავა.
საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავას განმარტებით, ბაზრის ამ სეგმენტში არსებულ ვითარებაზე, შექმნილ მდგომარეობაზე და შესაძლო პრობლემებზე უკვე საქმის კურსშია ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტში ხორბლის ტერმინალს მშენებლობაზე უარის თქმის მიზეზად ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასილჟან მამიტბეკოვმა ფინანსური რესურსის დაზოგვა დაასახელა. მამიტბეკოვი გადაწყვეტილებას მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას და საქართველოში არსებულ სიტუაციას უკავშირებს.
მამიტბეკოვი ამბობს, რომ ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე ყოველწლიურად ბიუჯეტიდან დაახლოებითი 15 მლრდ ყაზახური ტენგე იხარჯება. მისი მოსაზრებით, უკეთესი იქნება თუ ეს რესურსი ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობაზე დაიხარჯება.