გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინის უფრო აქტიურად ჩართვა ევროკავშირის საქმიანობაში, თუმცა ქვეყნის სწრაფი გაწევრიანება ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა აუცილებელია მისი უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში“, - განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დასრულების შემდეგ, კვიპროსში, ნიქოზიაში გააკეთა .
კანცლერის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა უკვე ახლა მონაწილეობდეს ევროპული საბჭოს სხდომებში, თუმცა ამ ეტაპზე ხმის მიცემის უფლების გარეშე. მისივე თქმით, შესაძლებელია უკრაინის ეტაპობრივი ჩართვა ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკის მიმართულებებში, რეფორმების პროგრესის შესაბამისად.
მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში უნდა დაიწყოს უკრაინასთან ეტაპობრივი დაახლოების სტრატეგიული პროცესი, რომელიც საბოლოოდ ქვეყნის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მივიდეს.
მისი თქმით, აუცილებელია შუალედური ნაბიჯების გადადგმაც.
„ამაზე ბოლო დღეებში არაერთხელ ვისაუბრე პრეზიდენტ ზელენსკისთან... მნიშვნელოვანია, რომ ეს დაახლოება ერთდროულად დააჩქარებს გაწევრიანების მოლაპარაკებებს და გახდება ხიდი მომავალ სრულფასოვან წევრობამდე,“ — განაცხადა გერმანიის კანცლერმა.