საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ვიქტორ დოლიძე, ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას დაესწრო. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტიდან აცნობეს ევროპარლამენტის ბრიუსელის შენობაში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა წარადგინეს ბიუროს ახალი წევრები ევროპარლამენტის მხრიდან და საპარლამენტო ასამბლეის 2014 წლის დარჩენილი პერიოდის და 2015 წლის პირველი ნახევრის სამუშაო კალენდარზე იმსჯელეს.
ბიუროზე ასევე გადაწყდა, რომ 2014 წლის 4-5 ნოემბერს ბრიუსელში ასამბლეის კომიტეტების (4 კომიტეტი) სხდომა გაიმართება, ხოლო 2015 წლის 16-20 მარტისთვის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა ჩატარდება ქალაქ ერევანში.
ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია უკრაინასა და მოლდოვაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ბელარუსის ჯგუფის საქმიანობის შესახებ.