„აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში, ქვეყანაში ორ ახალ წამოწყებას შეეწყობა ხელი - შეიქმნება „სისხლის ბანკი/პლაზმაცენტრი" და შესაფუთი მასალების საწარმო.
ხელშეკრულება „საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ" ორ კომპანიასთან (შპს „ჰემოლაინი" და შპს „დამზადებულია საქართველოში #1") ამ დღეებში გააფორმა. ეს საწარმოები ბიზნესის განვითარებისთვის სოლიდურ თანხებს მიიღებენ შეღავათიანი პირობებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები ინვესტიციების წარმატებით ათვისებისთვის, ბიზნესის მართვის ყველა ეტაპზე პროფესიონალთა რჩევებს მიიღებენ და გაივლიან უნარების ამაღლების ტრენინგებს.
„მოხარული ვარ, რომ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანაში მეტი წარმატებული საწარმო შეიქმნას. გვახარებს ის ფაქტი, რომ შპს „ჰემოლაინი"-სთვის, „საქართველოს ბანკმა" 850 000 აშშ დოლარის სესხი გამოყო, ჩვენი სააგენტო კი პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ს დააფინანსებს. რაც შეეხება შპს "დამზადებულია საქართველოში #1"-ს, მისთვის 1 100 000 აშშ დოლარის სესხის გაცემა „ქართუ" ბანკმა უზრუნველყო, ამ შემთხვევაშიც, სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას," -განაცხადა „საქართველოს მეწარმეობის განვითარების" დირექტორმა გიორგი ციკოლიამ.
შპს "ჰემოლაინი"-ს დირექტორი, ირაკლი რაინაული განმარტავს, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 1 500 000 აშშ დოლარია. წარმოება თბილისში აეწყობა და დაახლოებით 15 ადამიანს დაასაქმებს. სისხლის ბანკის და პლაზმაცენტრის ამუშავება 2015 წლის თებერვალშია დაგეგმილი. კომპანიის პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებები და ფარმაცევტული ქსელები იქნებიან.
-„პროექტი „აწარმოე საქართველოში" ითვალისწინებს სახელმწიფოს თანამონაწილეობას კრედიტის 10%-ის დაფინანსებაში 2 წლის მანძილზე. სწორედ ეს ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი ჩვენს შემთხვევაში, რადგან ასეთი შეღავათიანი პირობების გარეშე, ჩვენი ბიზნეს-გეგმის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ვგეგმავთ დონორული სისხლის კომპონენტების დამზადებას, ასევე სისხლის პლაზმიდან უნიკალური ფარმპროდუქტების წარმოებას და საქართველოს ბაზარზე რეალიზაციას. წარმოებაში გამოყენებული იქნება სისხლის ლაბორატორიული კვლევისა და შენახვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას"- განაცხადა ირაკლი რაინაულმა.
რაც შეეხება მეორე ბენეფიციარს - შპს "დამზადებულია საქართველოში #1" აწარმოებს სხვადასხვა სახის შესაფუთ მასალებს (შესაფუთი პაკეტები, სტიკერები, ფასის მაჩვენებლები, ეტიკეტები, იარლიყები და სხვ.) როგორც ჩვეულებრივ, ასევე თვითწებად ქაღალდზე. აღნიშნული პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები საქართველოს ბაზარზე მომუშავე კომპანიები იქნებიან, რომლებიც საკუთარ წარმოებაში, ან მომსახურებაში ეტიკეტებსა და იარლიყებს იყენებენ.
„პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე 1 500 000 აშშ დოლარია. სააგენტოს თანადაფინანსებით, წარმოება თბილისში აეწყობა და 60-მდე ადამიანის დასაქმებას შევძლებთ. გეგმის მიხედვით, საწარმოს ამუშავება 2015 წლის თებერვალში უნდა მოხდეს. ჩვენ ვიყენებთ უახლეს დანადგარებს, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს და შევძლებთ მომხმარებელს კონკურენტებთან შედარებით დაბალ ფასად მივაწოდოთ ჩვენი პროდუქცია"- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ დეკანოსიძემ.
"როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში", რომელიც მიმართულია წარმოების შემდგომი განვითარებისა და წახალისებისკენ. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ დამტკიცებული 12 პროექტის ფარგლებში, არსებული საწარმოები საერთო ჯამში დაახლოებით 16 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ. ამჟამად მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პარტნიორი ბანკები 25-მდე პროექტს განიხილავენ.
„აწარმოე საქართველოში" - პროგრამის კომპონენტების ეფექტურობამ და წარმატებამ განაპირობა ცვლილებების ინიცირება მთავრობის დადგენილებაში იმისათვის, რომ გაიზარდოს ბენეფიციართა რიცხვი. ცვლილებების თანახმად, მოიხსნა სესხის მოცულობის ზედა ზღვარი, რომელიც აქამდე 2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. გარდა ამისა, მოხდება არა მხოლოდ დამწყები საწარმოების, არამედ არსებული ბიზნესების გაფართოების ხელშეწყობა.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი სახელმწიფო სააგენტოა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია მეწარმეობის გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობაზე. სააგენტოს მომსახურებებია: მეწარმეობის ხელშეწყობა, ბიზნეს კონსულტაცია, ექსპორტის განვითარება და წახალისება. პროდუქტები: ფინანსებზე ხელმისაწდომობის გამარტივება, ტექნიკური დახმარების გრანტები, უნარების ამაღლების ტრენინგები.