საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს სამინისტროსა და იმ კომერციულ ბანკებს შორის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო"-ში ჩაერთვებიან.
მემორანდუმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკთან, საბოლოოდ პროგრამაში ჩართული ბანკების სია ასეთია: „საქართველოს ბანკი", „თი-ბი-სი ბანკი", „ვითიბი ბანკი ჯორჯია", ბანკი „რესპუბლიკა", „ბაზის ბანკი", „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი", „კორ სტანდარტ ბანკი", ბანკი „ქართუ", „ინვესტბანკი", „ხალიკ ბანკიმ საქართველო", „ლიბერთი ბანკი", „პროკრედიტ ბანკი", „პრივატბანკი", „პროგრეს ბანკი".
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი მოიცავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
ბანკების მიერ პროგრამის ფარგლებში მოხდება მეწარმეებისთვის კრედიტის გაცემა, რომლის საპროცენტო განაკვეთის 10%-ის ოდენობით თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს კრედიტის გაცემიდან 24 თვის განმავლობაში.
პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000 აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური - 2,000,000 აშშ დოლარს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" განხორციელებას იწყებენ, რომლის განსახორციელებლადაც 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 მლნ ლარია გამოყოფილი.
პროგრამა მიმართულია წარმოების შემდგომი განვითარებისა და წახალისებისკენ. პროგრამის მიზანია - საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.
პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა; ინფრასტრუქტურაზე (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა; საკონსულტაციო მომსახურება მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიმართონ ბანკებს კრედიტის დასამტკიცებლად.