უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთს უკრაინის ტერიტორიების გაყოფის მეორე მცდელობის უფლებას არ მისცემს და ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს.
„ყველა კარგად ხედავს პუტინის ტაქტიკას: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს მათგან თავის დასაღწევად, მას სურს ომისა და მკვლელობების პაუზა ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზაციაზე გაცვალოს. მას სურს ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება. მას ყირიმის აღების უფლება მისცეს, რამაც დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაცია გამოიწვია. მას პრევენციული სასჯელი არ მიუღია, როდესაც ჩვენს საზღვრებზე კონტიგენტი შეკრიბა - ამას სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის მეტი ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა.
ახლა პუტინს სურს, რომ აპატიონ ჩვენი ხერსონის ოლქის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუჰანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის დაყოფის ეს მეორე მცდელობა განახორციელოს. ვიცნობთ რა რუსეთს - სადაც მეორეა იქ მესამეც იქნება. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მკაფიო უკრაინულ პოზიციებზე. ჩვენ ომი უნდა დავასრულოთ ღირსეული მშვიდობით, რომელიც დაფუძნებული იქნება მკაფიო და საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ ამაში“, - განაცხადა ზელენსკიმ..
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი „ცდილობს მკვლელობების შეჩერება ყველაზე მაღალ ფასად გაყიდოს“.
„მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობების შეჩერება, არამედ რეალური, გრძელვადიანი მშვიდობა. არა ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვეში, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა ეს და მე აბსოლუტურად ვუჭერ მხარს“, - თქვა პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ უკრაინამ თებერვლიდან მოყოლებული „მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველა წინადადებას“,
„ჩვენ უზრუნველვყავით შეხვედრები რუსულ მხარესთან და ეს კონსტრუქციულად უზრუნველვყავით, გავცვალეთ ინფორმაცია და ვამზადებთ შემდეგ შეხვედრას. სიების შესახებ უკვე მეტი გაგებაა. ჩვენ შედეგზე ვეყრდნობით. ჩვენ ასევე გვჭირდება შედეგი ლიდერების დონეზე - ღირსეული შედეგი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რათა მსოფლიომ დააფასოს ეს შედეგი და მადლიერი იყოს იმ ლიდერის, რომელიც ამას მოიტანს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.