"როდესაც რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ქართული მხარის მიერ ჩადენილ არარსებულ გენოციდზე საუბრობს, მაშინ ჩვენ რა ვუყოთ ქართველების გენოციდის დამადასტურებელ იმ 300 ტომს, რომელიც საქართველოს პროკურატურაში დევს?! რუსეთის გენერალური პროკურატურა წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის მტრის ხატის შექმნითაა დაკავებული. მათ სულ არ აინტერესებთ თუ რეალურად რა ხდებოდა და რა ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ.
"აფხაზეთის შესახებ ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით - მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დახვრეტილია 5000 მდე ადამიანი. მათ შორის 2000- მდე გალის რეგიონში, მათგან - 1 500 ზე მეტია დახვრეტილი და 500- მდე ადამიანი კი დღემდე უგზო უკვლოდ არის დაკარგული", _ აცხადებს გვაზავა და აღნიშნავს, რომ რატომღაც რუსეთის გენპროკურატურას ხმამაღალი განცხადებების კეთებისას და საქართველოს ხელისუფლების არარსებულ გენოციდში დადანაშაულებისას ეს არ ახსენდება.
"მათ არც ის აინტერესებთ, რომ ყოველივე ეს მომხდარია არა საომარ პირობებში არამედ მერე, როდესაც აფხაზეთში რუსი ე.წ. სამშვიდობოები იდგნენ და ე.წ. მშვიდობას იცავდნენ. ჩვენთან პროკურატურაში დევს 300-ზე მეტი ტომი, რომელშიც შესულია 22 000-ზე მეტი დაკითხული თვითმხილველის ჩვენება. მათ შორის არის ისეთი ფაქტები, რომლებიც ღიად ჩანს და ყველამ იცის ეს არის - ბატონი ჟიული შარტავას და მისი დაცვის წევრებისა და იქ მყოფი ადამიანების დახვრეტა. იმ დროს 49 ტყვედ ჩავარდნილი ადამიანი იქნა დახვრეტილი. ამ ფაქტთა შორის არის მღვდელ მამა ანდრია ყურაშვილის დახვრეტის ფაქტი - ეს გენოციდის პირდაპირი მუხლებია. იქ წერია, რომ - პოლიტიკური და რელიგიური მიზეზებით არა მხოლოდ დახვრეტა, დევნაც კი გენოციდია. აქ ყველაფერი სახეზეა, მხოლოდ ამას მარკინი რა თქმა უნდა ვერ ხედავს", _ აცხადებს გია გვაზავა.
ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, მხეცური დაბომბვები საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდა და არ არსებობდა "დანგრეული და დაბომბილი ცხინვალი", როგორც ამის წარმოჩენას უკვე რახანია ცდილობენ კრემლის მაღალჩინოსნები.
"იმ დღეებში იქ გახლდით და თვითმხილველი ვარ ყველაფერი იმისა რაც ის იმ დროს ხდებოდა. გორის რაიონში ძალიან ბევრი ოსი ცხოვრობს, მე არ მინახავ, რომ მათთვის იმ დღეებშიც კი ვინმეს ერთი ზედმეტი სიტყვა ეთქვას. ამას გარდა, ის მხეცური დაბომბვები, რომლებიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჩვენს ტერიტორიაზე ხდებოდა. ვიცი ცხინვალში მყოფი ჩვენი მეომრების მონათხრობი იმის შესახებ, რომ ჩვენს მიერ დარტყმები მიყენებული იყო მხოლოდ იმ შენობებზე სადაც სამხედროები იმყოფებოდნენ და არანაირი დანგრეული ცხინვალი, ისე როგორც ისინი წარმოჩენენ, ნამდვილად არ ყოფილა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ყოველივე ეს ძალიან კარგად იციან რუსებმა, მაგრამ რუსები ხომ სიყალბის ოსტატები არიან და რისი დანახვაც მათთვის მიუღებელია ისინი ამას ვერ ხედავენ.
"როდესაც რუსეთზე ვლაპარაკობ მე მხედველობაში რა თქმა უნდა კრემლი მაქვს და არა რუსი ერი ", _ხაზგასმით აღნიშნავს გია გვაზავა და მის ხელთ არსებულ აფხაზურ მხარის მიერ ე.წ. გენოციდთან დაკავშირებულ მასალებზე საუბრობს.
"ხელში ჩამივარდა "გენოციდის მონაცემები", რომელიც თითქოს ჩვენი მხრიდან იყო განხორციელებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქვე ავღნიშნავ, რომ რა თქმა უნდა მკვლელობები ეთნიკური ნიშნით და თითოელი ადამიანის სიცოცხლე ეს რა თქმა უნდა განუმეორებელია და აქ მე მშრალ სტატისტიკაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ თავად აფხაზური მხარის მიერ მოყვანილი ციფრები ძალიან მცირეა - სულ რაღაც ათეულ ადამიანზეა ლაპარაკი. თუმცა ეს ჯერ კიდევ გასარკვევია თუ ვინ, როგორ და რა გარემოებებში დაიღუპა.
მართალი გითხრათ, იმ ქაოსში მეგონა ეს ციფრი უფრო დიდი იქნებოდა და კარგი გაგებით სადღაც გაკვირვებულიც კი ვიყავი. თავად აფხაზური მხარის მიერ გაკეთებული მე ეს მონაცემები მაქვს თუ ვინმეს დააინტერესებს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ სამიმარს ვუცხადებ ამ ადამიანების ნათესავებს, თუმცა ავღნიშნავ, რომ მათი მონაცემი მიზერულია ჩვენს დანაკარგთან შედარებით", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ.
ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი" მის არქივში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ყველა დაინტერესებულ პირს შეახსენებს: ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი დევნილია. ამ მონაცემებში შესული არ არის 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოში დაღუპული, ნაწამები, დასახიჩრებული და დახვრეტილი მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა.
სტატისტიკური მონაცემებით აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდაველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი _ 3 150 ეროვნებით ქართველია.
გაგრა და გაგრის რაიონი _ წამებითა, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულია და დახვრეტილია სულ 366 მშვიდობიანი მოქალაქე მათ შორის ყველაზე ასაკოვანი 99 წლისაა ყველაზე მცირეწლოვანი კი 12 წლის.
გაგრასა და გაგრის რაიონში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეებიდან _ დაღუპულია 16 არაქართველი ეროვნების მოქალაქე. მათ შორის 8 რუსი, 4 სომეხი, 2 უკრაინელი, 1 აფხაზი და 1 აზერბაიჯანელი. დანარჩენი 350 მშვიდობიანი მოქალაქე ქართველები არიან.
გაგრისა და გაგრის რაიონის მშვდობიანი მოქალაქეების აბსოლურური მრავლესობა სასტიკი წამებითაა მოკლული ან ადგილზე დახვრეტილი.
გუდაუთასა და გუდაუთის რაიონი _ 107 მშვიდობიანი მოქალაქე. ყველაზე ასაკოვანი 90 წლის, ახალგახრდა _ 21 წლის.
დახვრეტილი 107 მშვიდობიანი მოქალაქიდან 1 რუსი ეროვნებისაა, 4 ებრაელი დანარჩენი 102 ქართველია.
სოხუმის რაიონი _ 331 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 86 წლის ყველაზე მცირეწლოვანი 3 წლის.
დახვრეტილი 331 მშვიდობიანი მოქალაქიდან 11 ბერძენია, 9 რუსი, 4 სომეხი, 3 უკრაინელი, 1 აფხაზი და 1 ებრაელი ეროვნები ადამიანია. დანარჩენი 302 ქართველია.
ქალაქი სოხუმი _ 856 მშვიდობიანი მოქალაქე მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 99 წლის, მცირეწლოვანი 12 წლის.
856 სოხუმის მშვიდობიანი მოქალაქეთაგან ქართველებისთვის თანაგრძნობისთვის აფხაზი და რუსი და ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების მიერ მოკლულია 57 რუსი ეროვნების მოქალაქე, 20 სომეხი, 14 უკრაინელი, 10 აფხაზი, 9 ბერძენი, 7 ებრაელი და 2 აზერბაიჯანელი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი _ 737 მოკლული ქართველია.
გულრიფშის რაიონი _ 549 მშვიდობიანი მოქალაქე. ყველაზე ხნიერი 92 წელის ახალგაზრდა _ 3 წლის.
გულრიფშის რაიონში აფხაზი სეპარატისტების ხელით მოკლულია 12 რუსი, 7 სომეხი, 2 ბერძენი, ორი უკრაინელი, 1 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი, 1 ებრაელი 1 მოლდაველი, დანარჩენი ქართველი.
ოჩამჩირე და ოჩამჩირის რაიონი _ 325 მშვიდობიანი მოქალაქე , მათ შორის ყველაზე ხნიერი 80 წლის , ახალგაზრდა _ 7 წლის.
ოჩამჩირის რაიონში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეთაგან 7 რუსია, 4 ებრაელი, 2 აფხაზი და 1 უკრაინელი, დანარჩენი ქართველი.
ქალაქი ტყვარჩელი _ 22 მათ შორის ყველაზე ხნიერი 72 წლის ყველაზე ახალგაზრდა 33 წლის.
აქ დაღუპულია 1 რუსი ეროვნები მოქალაქე - დანარჩენი ქართველი.
გალი და გალის რაიონი _ 337 მშვიდობიანი მოქალაქე , მათ შორის ყველაზე ხანდაზმული 88 წლის ყველაზე ახალგაზრდა _ 8 წლის. აქ დაღუპულია 4 რუსი, 1 აფხაზი, 1 ებრაელი და 1 უკრაინელი დანარჩენი _ ქართველი.